სპორტის სახეობები, სადაც სპორტსმენებს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა არ მოუწევთ

  • 30 მაისი 15:28

საქართველოს მთავრობის მიერ სპორტსმენებისთვის შემუშავებული დროებითი პროტოკოლის თანახმად, წვრთნებისა და შეჯიბრებებისას, სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში დასაშვები იქნება 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა.

სპორტის სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი.


ამასთან, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.


ვარჯიშზე სპორტსმენები და სხვა ჩართული პირები უნდა გამოცხადდნენ სავარჯიშო ფორმით;


უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით);


დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით, ხოლო გასახდელებში არ არის თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები და ინდივიდუალურ სივრცეებს შორის არ არის უზრუნველყოფილი მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია;


სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.);


სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და სავარჯიშო სივრცის სრული დეზინფექცია, ხოლო ვარჯიშში ჩართულმა პირებმა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა;


დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელების სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო დახურულ სივრცეში სპორტმენის გარდა სხვა პირებს უნდა ეკეთოთ პირბადე.