ქოლგის პოვნა ცუდის ნიშანია - ცრურწმენები, რომლებიც ქოლგას უკავშირდება

  • თბილისელები
  • 29 მაისი 16:52

მაისის თვესა და ზოგადად ცრურწმენებზე ეზოთრიკოსი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მისი თქმით, ქოლგის დავარდნა ან მისი პოვნა ცუდის ნიშანია. როგორ უნდა მოიქცეთ თუ შემთხვევით ქოლგას იპვნით ან დაგივარდებათ ამ კითხვებზე პასუხი „თბილისელების“ მასალაშია გამოქვეყნებული.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ქოლგას, რომელიც მრავალი საუკუნის წინ გამოჩნდა ჩინეთში როგორც ხელისუფალთა ატრიბუტი: საზეიმო პროცესიების დროს იმპერატორები ღია ცისქვეშ 13 მოოქრული ქოლგით გადაადგილდებოდნენ. ეს გახლდათ 12 ზოდიაქოს ნიშნით გარშემორტყმული მზის სიმბოლო. რაც შეეხება ევროპას, ქოლგა იქ მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოჩნდა და თავიდან იქაც მზისგან თავდასაცავად იყენებდნენ. ჩვენთვის ჩვეული დანიშნულება კი მან მხოლოდ გასული საუკუნის შუახნიდან მიიღო. როგორც ყველა ხანგრძლივი ისტორიის მქონე ნივთს, ქოლგასაც უამრავი მინიშნება და ცრურწმენა უკავშირდება. მაგალითად, ქოლგის პოვნა ცუდის ნიშანია - თუ სადმე ქოლგას გადააწყდით, რომელიც ვიღაცას დარჩა ან სულაც დაკარგა, აღებას ნუ იჩქარებთ, რადგან ამ უდავოდ საჭირო ნივთთან ერთად, შეიძლება მისი პატრონის პრობლემები და უსიამოვნებანიც თან გაიყოლოთ.


- რატომ არ შეიძლება ქოლგის შენობაში გახსნა?


- უბედურებას გამოიწვევს. ძველად სჯეროდათ, რომ ქოლგის შენობაში გახსნა მზეს განარისხებდა და ეს მინიშნება იმდროიდელია, როცა ქოლგის დანიშნულება მზის სხივებისგან დაცვა გახლდათ. სხვა ვერსიით, ქოლგის სახლში გახსნა გამაღიზიანებელია ოჯახის მცველი სულებისთვის, გამუდმებით თქვენს კეთილდღეობაზე რომ ზრუნავენ და უსიამოვნებებს თავიდან გაცილებენ. თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო კი, ამ სიკეთეს უნდა გამოემშვიდობოთ - წინ კარგი არაფერი გელოდებათ. ამ მინიშნების ფესვები მის ისტორიაში უნდა ვეძებოთ - ქოლგის პირველი, უზარმაზარი დასაკეცი კონსტრუქციის შენობაში გახსნა მართლაც სახიფათო იყო, რადგან თამაშის დროს შეიძლება მისგან ბავშვი დაშავებულიყო. შემდეგი მინიშნება გვაფრთხილებს, რომ არ შეიძლება ქოლგის საწოლზე დადება ან გაშლილი სახით იატაკზე დადგმა - ამით ფულის შემოდინების ენერგიას მოუსპობთ საკუთარ თავს.


- როგორ მოვიქცეთ, თუ ქოლგა ძირს დაგვივარდა?


- ნუ იჩქარებთ მისი აღებას, თორემ მალე უსიამოვნება შეგხვდებათ. თუ თქვენ მახლობლად ვინმეა, შეეცადეთ, ქოლგა მან მოგაწოდოთ. მაგრამ, თუ მაინცდამაინც თავად მოგიწიათ ამის გაკეთება, სახლში მისვლისთანავე აუცილებლად სარკეში ჩაიხედეთ. არც დაბადების დღეზე აჩუქოთ ვინმეს ქოლგა - ასეთი პრეზენტი იუბილარის თავზე მთელი წლით შეყრის ღრუბლებს და იღბალს არ აღირსებს. მაგრამ, თუ მაინც ქოლგის ჩუქება გინდათ, საქმიანი გარიგების სახე მიეცით და სიმბოლურ ფასად „მიჰყიდეთ“ იუბილარს. დაბოლოს, არ არის სასურველი, წვიმაში ერთი ქოლგის ქვეშ ორნი შეიყუჟოთ. ამან შეიძლება, შემოსავლების შემცირება გამოიწვიოს ან ვინმემ სამსახურში შეგავიწროოთ.

წყარო: თბილისელები