როგორ წაართვეს ბიზნესი თათა ვარდანაშვილს – “ისე გამოვიყურებოდი, გარეთ გამოსვლის მრცხვენოდა”

  • სარკე
  • 5 ნოემბერი 11:28

“ფეხსაცმელების დედოფალი” – ასე მოიხსენიებდნენ დიზაინერ თათა ვარდანაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში.

თათამ მაშინ ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინის შექმნით გაითქვა სახელი… ახლა კი ის საზოგადოების თვალთახედვიდან გამქრალია. როგორც აღმოჩნდა, დიდი განსაცდელები გადაუტანია და ამჟამად სასამართლოში აქვს დავა საკუთარი ბიზნესის დასაბრუნებლად.


მას საკუთარი კომპანია ჰქონდა დაარსებული, რომელსაც მისი შვილის სახელი – “დემეტრე 96” ერქვა. მერე საგანმანათლებლო-სახელობო საქმიანობის უფლება მოიპოვა და კერძო ლიცენზირებული სასწავლებელი გახსნა – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტექნოლოგიებისა და კონსტრუირება-მოდელირების სპეციალობით.


ერთ მშვენიერ დღეს კი თათა ვარდანაშვილის წარმატებული ბიზნესის შესახებ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიტყო. 2 წლით ადრე გახსნილი საწარმო ტელეკამერების წინ ხელახლა გახსნა. მალე კი თათასთან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ და მილიონების ღირებულების მქონე კერძო ბიზნესი სახელმწიფოს საკუთრებად გადააფორმეს.


სააკაშვილის “ჯარისკაცებმა” მაშინ საწარმოს დირექტორად თავად თათა დანიშნეს და საკუთარი ხელით შექმნილ ბიზნესში ხელფასს უხდიდნენ. 


2007 წელსვე “ქართუ ჯგუფისგან” გამოვისყიდე მეორადი მანქანა-მოწყობილობები ზუსტად იმ მიზნით, რომ სასწავლებელში მიმეტანა და სწავლება ამ დანადგარებზე განმეხორციელებინა. მაშინ კახა ბენდუქიძეს მოვუყევი ჩემს საქმეზე და ძალიან მოეწონა. ისანში გადმოგვცეს ძველი სარეაბილიტაციო შენობა. მოვახდინე იმ შენობის რეაბილიტაცია, თუმცა ნაწილი გადავეცი შავნაბადას სკოლას სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით.


– ეს რას ნიშნავდა – გაგაკეთებინეს და სხვას გადასცეს?


– დიახ, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე ვრცლად ლაპარაკი, რადგან სასულიერო პირები ერივნენ. დავეკითხე რჩევა ჩემს მოძღვარს, რომელმაც მთხოვა, საპატრიარქოსთან არც კონფლიქტში შევსულიყავი და არც ზედმეტი შეკითხვები დამესვა. ასეც მოვიქეცი. მოგვიანებით ალბათ ამ თემაზეც ვისაუბრებ…


ექსპლუატაციაში შევიყვანე 4.800 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა, გამართული ყველაფრით, სადაც პირველ წელს 150 სტუდენტი გვყავდა და მეორე წელს – 300. უსახური შენობა მთლიანად გავაკეთე ჩემი ხარჯებით. ერთ სართულზე გვქონდა ფეხსაცმლის წარმოება, მეორეზე სასწავლო აუდიტორიები და მესამეზე – ტანსაცმლის წარმოება.


2009 წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დაგვაჯილდოვა. ჯილდო გადმოგვცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დაინტერესდა ამ ყველაფრით. გადაწყვიტა, მოსულიყო წარმოებაში და როგორც მაშინ ხდებოდა, ხელახლა მოვაწყეთ საზეიმო გახსნა, არადა ორი წლის გახსნილი ვიყავით. ამ დღიდან ძალიან მალე თავდაცვის სამინისტროში დამიბარეს და ორი სიტყვით მითხრეს – ეს წარმოება ჩვენ გვჭირდებაო. ეს იყო 2010 წელს.


შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა. მაშინ გავურიგდით, რომ იაფი კრედიტით მიღებულ თანხას თავის თავზე იღებდნენ. 400 ათასი ლარი იყო ზედმეტი, რომელიც დახარჯული იყო ამ შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციაზე, რომელზეც მამა დამეხმარა თავის დროზე თავისი კომპანიით. ამ თანხაზე დავას აზრი აღარ ჰქონდა და ისიც სახელმწიფოს დარჩა. 1.600.000 ლარის ღირებულების დანადგარებიც მათ დარჩათ.


გავრიგდით, რომ 1.600.000 ლარი სახელმწიფოს დარჩებოდა და სასწავლებელი თავისი ინფრასტრუქტურით ჩემი გახდებოდა 2015 წელს. 2015 წლამდე მქონდა ლიცენზია, რომელსაც ვერ გავყოფდი და ვერავის გადავცემდი. ახალ შენობაში უნდა გადავსულიყავით, რომელიც 1 200.000 ლარის ღირებულების უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერზე ღამით შევთანხმდით. ეს პირობა პირობად დარჩა. ერთი წლის მერე ამ შენობის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ დღემდე დაუმთავრებელია.


– თუმცა ამ საწარმოს დირექტორი იყავით.


– დიახ, დირექტორად დამტოვეს და მე მევალებოდა მისი მართვა. ის გადაიარაღდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსად. ამ ტექნოლოგიას დანერგვა სჭირდებოდა და ვინ უნდა ეპოვათ სხვა კარგი სპეციალისტი? ანუ მხოლოდ წარმოება კი არა, მეც მიმიბარეს. სასწავლებელიც აგრძელებდა ფუნქციონირებას და მასაც მე ვხელმძღვანელობდი. დაახლოებით 740 კადრი მოვამზადეთ და აქედან 300-ზე მეტი გოგონა საზღვარგარეთ მუშაობს ამ სპეციალობით. ყველაზე წარმატებულებმა კი თავიანთი სახელოსნოები გახსნეს. ეს ბავშვები ჩემი საუნჯე და მონაპოვარია. მათით ვამაყობ.


2011 წელს დაიწყო საარჩევნო ბატალიები და პირველი საარჩევნო კამპანია ჩვენს წარმოებაში ირაკლი ალასანიამ ჩაატარა. მოვიდა ჩვენს წარმოებაში და თანამშრომლებს კარგ მომავალს დაჰპირდა. რომ გახდა თავდაცვის მინისტრი, თავის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს, მობრძანდა, დიპლომების გადაცემა გვქონდა დაგეგმილი.


უამრავი სასულიერო პირი გვყავდა მოწვეული, რადგან ჩვენს სტუდენტებთან ერთად აქტიურად ვქარგავდით სასულიერო შესამოსელს და სხვადასხვა ეკლესია-მონასტერს ვწირავდით. უწმინდესიც ჩემი ხელით შესრულებული სამოსით არის შემოსილი. სამღვდელთმთავრო შესამოსელს პირადად ვაკეთებდი. ლოცვითა და შრომით იქმნებოდა ჯარისკაცის ფორმა და ეს გულისამაჩუყებელი სანახაობა იყო. ჩვენი სტუდენტი გოგონები ჯარისკაცების ასაკისანი იყვნენ და სიხარულით ქმნიდნენ მათთვის სამოსს.


გულნატკენი კი ვიყავი, ამხელა რაღაცის დათმობა რომ მომიხდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქე ვიყავი და ვცდილობდი, გმირულად გადამეტანა ეს დანაკლისი, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრება იყო.


– რა სახის ზარალი მიიღეთ, დაგითვლიათ?


 2013 წლიდან გაცილებით მეტი ზარალი მივიღე, ვიდრე მაშინ. ხელფასსაც კი აღარ მიხდიდნენ და ჩემ წინააღმდეგ დაიწყო ჩვეულებრივი ბულინგი. ალასანიას დროს წარმოება გაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან და გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ყველაფერი გადასცა შპს “რეაბილიტაციას” და ამ შპს-მ უფროსად დანიშნა ჩემი მამიდაშვილი.


სახელმწიფოს ჰქონდა ჩემი ვალი და ამ ვალის საფუძველზე მიშენებდნენ შენობას, სადაც სასწავლებელი უნდა გადამეტანა. წარმოების ბალანსზე აიყვანეს და ჩემი მამიდაშვილი ამ წარმოების გენერალურ დირექტორად დანიშნეს. ის ხელმძღვანელობდა ირაკლი ალასანიას საარჩევნო კამპანიას. სახელმწიფოს დაუბრუნეს წილის დათმობის ხელშეკრულებით გადაცემული 1.200.000 ლარი ქონების სახით და ზედ მიათვალეს ჩემი კუთვნილი ყველაფერი.


– სტრესმა ჩაგაგდოთ ლოგინად?


– სტრესმაც, ხერხემალიც მაწუხებდა… ამ წარმოებაში ტოქსიკური ნაერთებია. მე კი ქუჩაში არ გამოვდიოდი, მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, არც დამისვენია. ძალიან ცუდად ვიყავი და, როგორც პატარა ბავშვმა, თავიდან ვისწავლე სიარული.


ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მომაყენა ღალატმა ჩემი ოჯახის წევრის მხრიდან. ეს ადამიანი ფაქტობრივად ჩემი ძმა იყო, ჩემთან ერთად იზრდებოდა…


მეორე მამიდაშვილთან კი მაქვს ურთიერთობა. მამიდასთანაც გამიცივდა ურთიერთობა. მას ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის და, როგორც უფროსი მეგობარი, ყოველთვის გვერდით მედგა. ღმერთმა ყველას ყველაფერი შეუნდოს და აუხილოს თვალი.


ისე გავხდი და ისე გამოვიყურებოდი ფიზიკურად, რომ ქუჩაში გამოსვლის მრცხვენოდა.


 

წყარო: სარკე