ქობულეთის კლინიკაში უახლესი სტანდარტების ინფექციური განყოფილება გაიხსნა

  • 26 მაისი 11:11

დღეს, ქობულეთში, „ქობულეთის, ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდის” ინფექციური განყოფილება გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით.

კლინიკაში მოეწყო 10 ბოქსირებული განყოფილება, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მზად იქნება ისეთ ვირუსულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო. ამ მხრივ, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული სირთულე შეიქმნა ქობულეთში, „ქობულეთის კლასტერის” სახით. კლინიკაში დაჩქარებულად ინფექციური განყოფილების გახსნა სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა.


ინფექციური განყოფილების მშენებლობაში და აღჭურვაში ინვესტიცია მთლიანად კერძო ინვესტორმა, ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ მფლობელმა და დირექტორმა, მამუკა მიქაძემ განახორციელა.


როგორც მამუკა მიქაძე აცხადებს, „კონკრეტულად ამ შემთხვევაში, სასწრაფო წესით ბოქსირებული განყოფილებების გაკეთება გამოწვეული იყო იმით, რომ ქობულეთში დაფიქსირდა მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. პრაქტიკულად, ქობულეთი დარჩა საავადმყოფოს გარეშე. არსებულ ერთ „ევექსის“ კლინიკას აქვს შეზღუდული სასაწოლე ფონდი ასეთი გამოწვევებისთვის და აღმოჩნდა ერთი-ერთზე მოსახლეობასთან.


აქედან გამომდინარე, ქობულეთში კოვიდ ინფექციის არაკონტროლირებადი გავრცელების რეალური საფრთხე გაჩნდა. ჩვენი კლინიკა ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან ჩართულია კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში.


„ბომონდის” ქუთაისის კლინიკა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სამედიცინო დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში. გვაქვს ფოთის ცენტრალური საავადმყოფო, სამშობიარო განყოფილება, რომლის რეკონსტრუქცია ახლაც გრძელდება. ეს იქნება მრავალპროფილური საავადმყოფო და მისი საბოლოოდ აღჭურვა წლის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება ქობულეთის პროექტს, ჩვენ გადავწყვიტეთ, თავად შეგვეთავაზებინა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პროექტი. მივწერეთ წერილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ბატონ ზაალ მიქელაძეს და გამოვხატეთ მზადყოფნა, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ინტელექტუალური რესურსების ინვესტიცია განგვეხორციელებინა ქობულეთში მათ მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ფართზე. მივიღეთ პასუხი, რადგან შერჩეულ ფართსაც აქვს თავისი სამედიცინო პირობები. ერთ-ერთი შემოთავაზება იყო არსებული მედ-ჰაუსის მე-2 სართული, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და რომელიც გახლდათ აბსოლუტურად აუთვისებელი და ინფრასტრუქტურულად გაუმართავი, რასაც თქვენ თავად ხედავთ ფოტოებზე. შედგა საპროექტო დოკუმენტაცია,“ - აცხადებს მამუკა მიქაძე.


ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ქეთევან ნოღაიდელის განცხადებით, აჭარის მთავრობის მხრიდან იყო მაქსიმალური ხელშეწყობა. მთელი ეს სამუშაოები კეთდებოდა საგანგებო მდგომარეობის დროს, რათა საჭიროების შემთხვევაში ქობულეთი მზად ყოფილიყო კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტების მისაღებად.


ქეთევან ნოღაიდელი: მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ მთავრობას, რადგან პრაქტიკულად სიტყვიერი შეთანხმებით დავიწყეთ საჭირო სამუშაოები, დავისახეთ მიზნად, რომ კლინიკა გაგვერემონტებინა და აღგვეჭურვა სამი კვირის განმავლობაში, რაც ბევრს ფაქტობრივად წარმოუდგენელად მიაჩნდა. უკვე შეძენილია უახლესი და ყველა საჭირო აპარატურა და დასრულებულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. გაკეთდა 10 ბოქსირებულ პალატიანი კლინიკა – სამი ინტენსიური მკურნალობის განყოფილება, პეტრიაჟისა და ტრიაჟის განყოფილებები თავისი სასტერილიზაციო და სამრეცხაო საშუალებებით. იყო თხოვნა და დავინახეთ საჭიროება, რომ გაგვეკეთებინა კომპიუტერული ტომოგრაფია, კოვიდის ინფექციისა და პნევმონიების დიაგნოსტიკა. შევიძინეთ კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც დამონტაჟდება და უახლოეს კვირებში დაიწყებს ფუნქციონირებას“ – განაცხადა ქეთევან ნოღაიდელმა.