„ადამიანები ხშირად ფიქრობენ ასე - თუ სახლის კარს ღიად ტოვებ და იქ ქურდი შედის, შენ ხარ დამნაშავე“

  • 23 მაისი 14:57

ფსიქოლოგი მაია ცირამუა დანაშაულზე მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე ამბობს, რომ ბოროტმოქმედს აქვს იმის ძალა, რომ უდანაშაულო ადამიანს თავი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი აგრძნობიოს როცა მას ბრალი არაფერში მიუძღვის.

ცირამუას მიერ გამოქვეყნებული პოსტს, რომელშიც ის ბავშვობის დროინდელ ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს უცვლელად გთავაზობთ:


„ამ დილით ერთი პატარა ეპიზოდი გამახსენდა ბავშვობიდან. სკოლის ბუფეტთან ხშირად მხვდებოდა გახეხილჯინსიანი დინოზავრივით გიგანტური მეათეკლასელი (მაშინ მეათე კლასი იყო გამოსაშვები). შესაძლოა სულაც არ იყო დიდი, მაგრამ ასე ვხედავდი მე - პირველკლასელი. თვალს ჩამიკრავდა, გამიღიმებდა და მეუბნებოდა - დაიკო, შეგიძლია შენი 20 კაპიკი მომცე. კი არ მეშინოდა მისი, მაგრამ ვფიქრობდი, "ალბათ სჭირდება", "კუჭი უხმება", "ეტყობა სახლში დარჩა" ... სავარაუდოდ ამას ვფიქრობდი, რადგან შიში არ მახსოვს. სხვა დღეებშიც რომ მოდიოდა და მთხოვდა ფულს, რაღაცნაირად თავს უხერხულად ვგრძნობდი, რომ არ მიმეცა. მრცხვენოდა - რა არის ახლა 20 კაპიკი, რომ ამაზე ვიტირო? დიდი ამბავი, 20 კაპიკი, ამიტომ მის "ბანკირად" ვიქეცი. მხოლოდ მაშინ მეტირებოდა და მტკიოდა სხეულში გაურკვევლად რაღაც, კლასში რომ შევდიოდი და ყველა ილუკმებოდა, მე კიდე მათ ვუყურებდი. რახან არასოდეს თუ ვერასოდეს ვუთხარი უარი ამ ბიჭს ჩემს კუთვნილ 20 კაპიკიანზე, ისიც აგრძელებდა, ოღონდ სინდისზე მთლად არ აუღია ხელი, "სტავკა" არასოდეს გაუზრდია. ასე "მაჭამა" მთელი ერთი წელი, სანამ სკოლა არ დაამთავრა. მე ეს ამბავი აქამდე არასოდეს მომიყოლია. გულშიც კი არ გამივლია, რომ მაშინ ვინმესთვის მეთქვა. რას ვიზამდი ხმა რომ ამომეღო?!


ასეთი ადამიანები ხომ ძალიან მაგრები არიან იმაში, რომ თავი აქეთ გაგრძნობინონ დამნაშავედ. რადგან, როგორც ცხოვრებამ დამანახა და დანაშაულზე მუშაობის პრაქტიკამაც - ადამიანები ხშირად ფიქრობენ ასე - თუ სახლის კარს ღიად ტოვებ და იქ ქურდი შედის, შენ ხარ დამნაშავე“.