დღეს მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღე აღინიშნება

  • 1tv.ge
  • 23 მაისი 14:16

მეუფე შიომ მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლინა და მრევს მიმართა.

„ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს გილოცავთ. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას. თქვენ იცით, რომ მან ეს დღე დაადგინა როგორც აფხაზეთობა, აფხაზეთის დღესასწაულად. ვინაიდან, წმინდა სვიმონ კანანელმა აფხაზეთში იქადაგა. ის აფხაზეთის და ჩვენი ქვეყნის განმანათლებელია. ვართ ბედნიერი, რომ ჩვენი ერი არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ჩვენ ქვეყანაში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. დღეს ამისთვის უფალს ვმადლობთ. ვინაიდან მათ მოიტანეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნია და გააჩნდა საქართველოს, ეს არის უფლის სიტყვა, მისი ეკლესია და მადლი სულისა წმინდისა. როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს, გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რა არის ეს გზა, რა არის ჭეშმარიტება, ცხოვრება როგორი უნდა იყოს. ამაზე პასუხს უფალი იესო ქრისტე იძლევა. თუ რა არის ეს გზა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.


 


დღეს მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედ დადგინდა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge