„ჩემს ცხოვრებაში ის იყო ყველაზე დიდი გარდატეხა და იმ ტკივილს ვერაფერს შევადარებ“

  • თბილისელები
  • 18 მაისი 11:52

მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ჩვეული რიტმი იზოლაციის პირობებში განაგრძოს. ამბობს რომ კარანტინმა მისი ცხოვრების სტილი შეცვალა თუმცა ახლადელი მდგომარეობის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მოცეკვავი მის ცხოვრებაში განვლილ ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს, ამასთან ჯულიანა მის პიროვნულ ხასიათზეც ამახვილებს ყურადღებას და თვლის რომ ძლიერი ადამიანია.


– შენს ცხოვრებას გადავხედოთ, ეს არის შენთვის ყველაზე რთული პერიოდი?


– რა თქმა უნდა, არა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადამიტანია. როცა იცი, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და მალე ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება, უბედურება ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. რაც შემეხება მე, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემი დის დაკარგვაა. არ ვიცი, რა უნდა იყოს ოჯახისთვის იმაზე დიდი ტკივილი, როცა დედა შვილს კარგავს და და – დას. ამიტომაც ვაბობ, რომ ეს არაფერი არაა. ჩემს ცხოვრებაში ის იყო ყველაზე დიდი გარდატეხა და იმ ტკივილს ვერაფერს შევადარებ. მაშინ 23 წლის ვიყავი, თუმცა, მგონია, რომ ახლა უფრო ვაცნობიერებ, რა მოხდა მაშინ.


– რამდენად ძლიერი ხარ სირთულეების წინაშე?


– ვფიქრობ, რომ ძლიერი გოგო ვარ. სპორტსმენი ვერ იქნება სუსტი პიროვნება. როცა წაგებისა და მოგების გემო იცი, როცა იცი, ორივე რა სირთულეებს უკავშირდება და შეგიძლია, მათთან გამკლავება, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ძლიერი ხარ. ასე რომ, მგონია, ჩემს პროფესიაშიც ჩანს ჩემი ხასიათი.

წყარო: თბილისელები