ცნობილი წყვილის სიყვარულის ისტორია - ბაღში 3 წლისებს შეგვიყვარდა ერთმანეთი

  • თბილისელები
  • 13 მაისი 17:11

თბილისის ქუჩებში ველოსიპედით მოსეირნე ნეფე-დედოფალის სიყვარული ისტორია 3 წლის ასაკში საბავშვო ბაღიდან დაიწყო.

ნიკოლოზ ჟღენტი და ქეთევან კვირკველია ყველა შეზღუდვის მოხსნის შემდდეგ დიდი ქორწილის გადახდას აპირებენ მანამდე კი თავიანთი სიყვარულის შესახებ ჟურნალ „თბილიელებს“ ესაუბრნენ.


 


– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?


– ჩვენი სიყვარულის ისტორია სამი წლიდან, ბაღიდან იწყება. ორივე ერთ უბანში ვცხოვრობდით. ჩვენი კორპუსების შუაში იყო ბაღი, სადაც მშობლებმა, საბედნიეროდ, ორივე შეგვიყვანეს. ამ ბაღში გავიცანით ერთმანეთი. შეიძლება, ითქვას, ორივეს გვქონდა რაღაც სამსახიობო ნიჭი და სპექტაკლებში ხშირად ვიყავით მთავარ როლში, ოღონდ – იქაც წყვილი. მაგალითად, ქეთო და კოტე, მძინარე მზეთუნახავი და პრინცი... ამ ამბების შემდეგ გამოგვეხმაურა ჩვენი ბაღის მასწავლებელი, რომელიც ძალიან გვიყვარდა და გვითხრა, მგონი, მე ჩავუყარე თქვენს სიყვარულს საფუძველიო.


– ბაღის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?


– ბაღის დასასრულს, ჩემს ოჯახს ოზურგეთში დაბრუნება მოუწია – წარმოშობით იქიდან ვართ. ამაზე კი სასაცილო ისტორიაა: ბაღში რომ აღარ მივედი, ისე განუცდია ნიკას, თურმე სიცხეები ჰქონია. თავიდან მშობლებს ეგონათ, რომ ჩემს წასვლას კი არ განიცდიდა, ბატონები ჰქონდა (იცინის). თბილისის სკოლაში რომ გადმომიყვანეს, პირველივე დღეს დავინახე კორიდორში ძალიან ნაცნობი ბიჭი, რომელიც მიყურებდა, უფრო სწორად, ორივე ვუყურებდით ერთმანეთს. მაშინ პირველ-მეორე კლასში ვიქნებოდით. ვიცანით ერთმანეთი, მაგრამ რატომღაც არ მივესალმეთ. ბედმა სკოლაშიც დაგვაკავშირა. იმ პერიოდში საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ ახლა გამოვუტყდით, რომ ერთმანეთი მაშინაც გვიყვარდა, ოღონდ ყველანაირად ვცდილობდით, არ შეგვემჩნია. რაღაც საუკეთესო მეგობრების როლი გვქონდა მორგებული. მე იმდენად შევიჭერი როლში, ნიკას ვიღაც გოგოებსაც ვაცნობდი (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობდი, არ მიმხვდარიყო, რომ მიყვარდა. მერე კმაყოფილი ვრჩებოდი ხოლმე, რადგან არავინ მოსწონდა. მეთორმეტე კლასში, უკვე უნივერსიტეტის გზები რომ იყოფოდა, მაშინ გამომიტყდა. სხვადასხვა პროფესია ავირჩიეთ, მე – ტურიზმი და ნიკამ – საერთაშორისო ურთიერთობები. აქ უკვე ერთად რომ ვეღარ ვიქნებოდით, შეეშინდასავით და სიყვარულში გამომიტყდა. იმის მერე ერთად ვართ.


– შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქორწილის გადახდას გეგმავთ?


– გვაქვს გეგმები. როცა ყველაფერი ჩაივლის და დიდი სუფრები დაშვებული იქნება, ქორწილსაც გადავიხდით. მერე უკვე ვაპირებ, თეთრი კაბა ჩავიცვა.


ნიკოლოზი: თაიგულსაც ისვრის (იცინის).


ქეთევანი: ჰო, ოღონდ, ვინმემ რომ დაიჭიროს. ამჯერად ვერ ვისროლე თაიგული, რადგან დამჭერი არავინ იყო (იცინის).

წყარო: თბილისელები