„ეს ამბავი ჩემთვის იოლი გადასატანი არ აღმოჩნდა“

  • თბილისელები
  • 13 მაისი 13:32

ცოტა ხნის წინ დავით ერაძის მიერ პირდაპირ ეთერში დაშვებულ შეცდომას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟურნალისტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

„ნებისმიერი ჟურნალისტი ხვდება თავის შეცდომას და მეც კარგად მივხვდი, რა წამომცდა. მაგრამ ვისაც პირდაპირ ეთერში უმუშავია, იცის, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა.


სპორტისთვის კორონას პანდემიის დროს არავის სცალია და საჭირო დროს ჩემს კოლეგებს ვეხმარები. მაშინ ლევან რატიანის განცხადების ჩასაწერად ვიყავი. თუმცა იმ მომენტში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა და საჭირო გახდა პირდაპირ ეთერში ჩართვა. რა დროსაც მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა, თუ ვინმეს კუდის გამობმა არ უნდოდა, ძალიან კარგად მიხვდებოდა, რომ ეს უნებლიე შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ დაილევიან „უბედურებაზე მონადირე“ კლავიატურის უკან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ასეთ ამბებს თავიანთი გვერდების ტირაჟირებისთვის იყენებენ. როგორც ნებისმიერი ჟურნალისტი, მეც მზად ვარ ობიექტური კრიტიკისთვის. მე დავუშვი შეცდომა და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა, როდესაც ადამიანები პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან და არც კი იციან, ვინ ხარ, რა ცხოვრება გამოგივლია ან რა განათლება გაქვს, ცოტა არ იყოს, ეს „დაუკრეფავში გადასვლაა“, რაც ჩემთვის იოლი გადასატანი არ აღმოჩნდა. საკუთარი შეცდომა რომ გავაცნობიერე, იმწუთასვე დამეტყო ეთერში. ძალიან ემოციური ვარ და არ მიყვარს, როცა რამე მეშლება. მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს და ბოდიშს მათ ვუხდი და არა კლავიატურას ამოფარებულ ადამიანებს ტოპნიუსებად რომ აქციეს ეს ამბავი, მათ, ვინც ჩემ გვერდით უნდა დამდგარიყვნენ. იუმორი და კრიტიკა – კი ბატონო, მისაღებია, მაგრამ ბოღმასა და ღვარძლს, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იძირება, ვერასდროს გავიგებ. დაიწყეს „ძალით ძაბავენ სიტუაციას“ და ასე შემდეგ. ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ასეთი რამისგან ძალიან შორს ვართ. მოკლედ, მრავლისმნახველ „მესაც“, ზოგჯერ ძალიან უკვირს ამ ხალხის“, - ამბობს დავით ერაძე.


წყარო: თბილისელები