"ყველაზე მეტად იმას, რომ მეორე შვილი არ გავაჩინე"

  • თბილისელები
  • 28 ოქტომბერი 23:07

სახელი: მარინა.

გვარი: კახიანი.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...


– ძალიან პატარა ასაკიდან მაქვს მეხსიერება, შეგრძნებებიც კი მახსოვს. სამ წელზე ცოტა მეტის ვიყავი, როცა პირველად წამიყვანეს ოპერისა და ბალეტის თეატრში, „კონკიაზე“. იმდენად დიდი იყო შთაბეჭდილება, რომ ღამე სიცხემ მომცა. ეს ამბავი დაილექა ჩემს მეხსიერებაში და ყოველთვის მახსენდება ხოლმე.


– ჩემი პროფესია განაპირობა...


– სახლში სულ ვცეკვავდი და ბალეტის მოძრაობების დროს ვცდილობდი, მამა და ძმები პარტნიორებად გამომეყენებინა. ცხრა წლის ვიყავი, როცა პირველად მიმიყვანეს ბალეტის გასინჯვაზე და ეს დღე ყველაზე ამაღელვებელი იყო ჩემს ცხოვრებაში – ჩემმა მშობლებმა პირველი ოცნება ამიხდინეს. ყველა თვლიდა, რომ როგორც ბალერინას, კარგი მომავალი მქონდა: ვცეკვავდი პარტიებს, გახლდით ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე... 17 წლის ასაკში მივიღე ყველასთვის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება და ჩავაბარე თეატრალურში. წლების განმავლობაში მეკითხებოდნენ – რატომ? ვპასუხობდი ხოლმე, რომ მოკლე იყო ბალერინის ცხოვრება, პეპელასავით მოკლე და მსგავს რაღაცებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მაინც ჩემი სიჯიუტე იყო – მინდოდა დამემტკიცებინა, რომ საკუთარი თავის, ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მმართველი თავად ვიყავი.


– მეშინია...


– ადამიანებს სულ გვეშინია რაღაცის. მეშინია მომავლის, წარსულის – რამე ისეთი ხომ არ ჩავიდინე, რაც მომავალში თავადვე არ მომეწონება, შეუცნობლის – ცხოვრების შემდეგ რა არის. მეშინია, რომ ბევრ რამეს ვერ მოვასწრებ, როგორც პროფესიაში, ასევე მოგზაურობაში, რომელიც ჩემი გატაცება გახდა.


– მწამს...


– საკუთარი თავის, თუმცა ყოველთვის არა. არ შეიძლება, გამუდმებით მიგაჩნდეს, რომ სწორად იქცევი.


– რა არის ცოდვა?


– როცა ჩაგრავ ახლობელ ადამიანებს, ამბობ ისეთ ტყუილებს, რომელსაც შეუძლია, დააზიანოს სხვა. ტყუილი, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანს, საშინელებაა.


– მაღიზიანებს...


– როცა თავის პერსონას გადამეტებულად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ ეს მართლაც ასეა. მაღიზიანებს, როცა საკუთარი მიზნის მისაღწევად შეუძლიათ, ყველაფერი გადათელონ – ჩემთვის არაა გამართლებული მიზნის მისაღწევად ნებისმიერი გზის გავლა.


– შეგშურებიათ?


– ალბათ, მაგრამ ჩემი შური არ არის მძაფრი. ვგულისხმობ შემდეგ შურს: როლს, რომელზეც ვოცნებობ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მივიღე. ეს უფრო სურვილია და არ აქვს კავშირი ბოღმასთან. აი, რასაც შური ჰქვია, ის ძალიან დიდ ზიანს აყენებს თავად იმ ადამიანს პროფესიაშიც და ცხოვრებაშიც.


– სამაგიერო გადაგიხდიათ?


– შეიძლება მივანიშნო ადამიანს, მაგრამ ისე, რომ სამაგიერო გადავუხადო – არა. ყოფილა შემთხვევები, არც მიგრძნობინებია მისთვის, რომ მე რაღაც ვიცოდი, რაღაც მეწყინა. უფრო წამიკბენია ხოლმე. გულში ნამდვილად არაფერი ჩამიდევს და სამაგიერო არ გადამიხდია. არ შემიძლია მსგავსი რაღაცები, ამის გამო ზედმეტად ვერც თავს შევიწუხებ და ვერც დავიტანჯავ.


– ბედისწერის გჯერათ?


– კი, მჯერა. ხანდახან არის, ადამიანი ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაფერი გამოსდის, თუმცა უცებ შეიძლება, ვიღაც შეხვდეს და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა – შემხვედრია რეჟისორი, რომელსაც საკუთარ ფილმში მივუწვევივარ. ის, რომ იმ დღეს არ შემხვედროდა, ალბათ, არც გავახსენდებოდი. ხშირად განვიხილავთ, რაღაც ფაქტები შემთხვევით ხდება თუ ბედისწერით, ფაქტია რაღაც განაგებს ადამიანების ბედს. თუმცა, ისიც არ მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანები მარიონეტები ვართ, ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი და ჩვენ მხოლოდ ამ ყველაფერს ვასრულებთ.


– ეჭვიანი ხართ?


– ვერ ვიტყვი, რომ არ ვარ, თუმცა ესეც რაღაც მომენტში მბეზრდება. ყოფილა შემთხვევა, როცა ამ თვისებას ურთიერთობაში ხელი შეუშლია.


– სიყვარული – ეს არის...


– ამტკიცებენ, რომ ვნება და სიყვარული სხვადასხვა რამეა, თუმცა ეს არაა სწორი. თუ, სხვადასხვაა მაშინ სიყვარულით გიყვარს ძმაც, მეგობარიც და ასე შემდეგ. სიყვარულს ვნება თუ არ ახლავს, ის არ არის ნამდვილი. თავად ეს გრძნობაა ბედნიერება. როცა შეყვარებული ხარ, სხვანაირად იღვიძებ, სხვანაირად გამოიყურები, სხვანაირად იღიმი. ესეც ნიჭია, ყველას ერთნაირად არ შეუძლია მისი ტარება.


– როგორია თქვენთვის იდეალური მამაკაცი?


– ამ საკითხში ძველი ყაიდის ქალი ვარ და მიყვარს, როცა კაცი ეტრფის ქალს და არა პირიქით. მომწონს, როცა კაცი ცდილობს, მოიპოვოს ქალის სიყვარული და ყურადღება. თუ კაცს აქვს ზემოთქმულის ნიჭი, განათლება და იუმორი, ჩემთვის იდეალურია. მას უნდა შეეძლოს, გაანებივროს ქალი, თუმცა არ ვგულისხმობ ძვირად ღირებულ საჩუქრებს – მცირედითაც შესაძლებელია ქალის გაბედნიერება.


– ძლიერი ქალების კაცებს ეშინიათ?


– უმეტესად, კი. კაცს უნდა, რომ ქალი მასზე სუსტი იყოს. ჭკვიანი ქალიც, ალბათ, ის არის, ვინც ძლიერია, მაგრამ კაცს სუსტად აჩვენებს თავს. კაცს უყვარს, როცა ქალს უვლის. თუ ის ამას ახერხებს, მაშინ ქალმა უნდა დაისვენოს და მოისუსტოს თავი (იცინის).


– როდის ტირით?


– ვტირი ნაწარმოებზე, ფილმზე, სპექტაკლზე... თუმცა, ცხოვრებაში ბევრს არ ვტირი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხშირად არა სიბოროტეზე, არამედ სიკეთეზე ვტირი, უპირობო სიკეთეზე.


– რა გაკვირვებთ?


– ადამიანები საოცარ სიკეთეს რომ აკეთებენ და არც ფიქრობენ მადლობის მიღებაზე. მაკვირვებს ისიც, რომ ზოგი ადამიანი იმდენად ეგოისტია, გარშემო რა ხდება, არ აინტერესებს.


– რითი ამაყობთ?


– სიამაყე საშიში რამეა, როცა ზღვარს სცილდება. გულწრფელად ვამაყობ ჩემი ქვეყნის წარსულით და მომავალშიც მინდა, დღევანდელი წარსულით ვიამაყო. ჩემს შვილზე, რომ მეტყვიან, რა კარგი პიროვნებააო, ამითაც ვამაყობ, ამაში სულ პატარა წვლილი მეც ხომ მიმიძღვის.


– ვნანობ...


– წვრილ-წვრილ რაღაცებს ვნანობ, მაგრამ ყველაზე მეტად იმას, რომ მეორე შვილი არ გავაჩინე.


– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?


– ყველას უჭირს, მათ შორის მეც, თუმცა მომიხდია.


– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?


– ხანდახან ზედმეტად ემოციური ვხდები – ვფეთქდები. მაქვს ხოლმე ასეთი პერიოდი. ახალგაზრდობაში უფრო მეტად მქონდა, მერე ჩემს ცხოვრებაში რაღაცების გადაფასება მოხდა და თავშეკავებული გავხდი. მირჩევნია, თავშეკავებული ვიყო ხოლმე, რადგან მოულოდნელად როცა ფეთქდები, შეიძლება, ზედმეტი მოგივიდეს.


– საუკეთესო კომპლიმენტი...


– ერთი პერიოდი რადიოში მქონდა რუბრიკა და პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა ქალბატონმა დარეკა და მითხრა, რომ ჩემი ხმა ბახის მუსიკას აგონებდა. უცებ გაოგნებული დავრჩი, ეს იყო უცნაური და საოცარი კომპლიმენტი.


– გღალატობდნენ თუ ღალატობდით?


– ვფიქრობ, არ მღალატობდნენ და მეც ნამდვილად არ მიღალატია, მით უმეტეს მეგობრისთვის. რაღაც ყურადღების დეფიციტი შეიძლება იყო, მაგრამ ღალატი – არა.


– ყველაფრის პატიება შეიძლება?


– ყველაფერს აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება რამდენად აქვს, არ ვიცი. ალბათ, შეიძლება, თუ ადამიანი რაიმე გაუგონარ სიბოროტეს არ ჩაიდენს.


– რას აგროვებთ?


– უცხოეთიდან ჩამომქონდა თეფშები, რომელსაც მერე კედელზე ვკიდებდი, მაგრამ რატომღაც ყველა ჩამოვხსენი. მოგონებებს ვაგროვებ.


– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?


– სულ მეშინია ხოლმე სერიოზული რჩევების მიცემა. ზოგჯერ კონკრეტული რჩევა ერთისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია, მეორისთვის კი – დასასრული. ჩემთვისაც ბევრჯერ ურჩევიათ და ყოფილა შემთხვევა, როცა ცხოვრებაში ამ რჩევით რაღაც შემიცვლია.

წყარო: თბილისელები