რა სურთ მამაკაცებს?

  • 12 მაისი 13:27

მარადიული კითხვა – „რა სურთ მამაკაცებს“, რომელზე პასუხიც არც თუ ძნელი გასაცემია, ბევრ ქალს საგონებელში აგდებს.

კლასიკაა ის, რომ ყველა კაცს მოსწონს მოვლილი, ლამაზი ქალი. ის ასევე, უნდა იყოს მომხიბლავი ღიმილით, ზომიერი ინტელექტითა და გულწრფელობით. ხან მშვიდი, ხან ემოციური, ხან კი, უბრალოდ, არაპროგნოზირებადი, ამასთან, ვიზუალურად და შინაგანად ნატურალური.


ქალები საყვარელ მამაკაცს უნდობლად უყურებენ და თავს კითხვებით იტანჯავენ – რა უნდა? ნეტავ გამაგებინა, ახლა რას ფიქრობს? რა სჭირდება?.. არადა, სინამდვილეში, არანაირი განსაკუთრებული, ზებუნებრივი და არარეალური სურვილები პატივცემულ მამაკაცებს არ აქვთ, პირიქით, მათი „მოთვინიერება“ ისეთივე მარტივად განსახორციელებელია, როგორც მაგალითად, გემრიელი სალათის მომზადება. მთავარია, ყველა „ინგრედიენტი“ საგულდაგულოდ შეარჩიოთ და სიამოვნებით და ღიმილით გააკეთოთ. ფაქტია, კერძი მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ ჩვენი განწყობა დადებითია.


ყველა მამრს მოსწონს მდედრი, რომელიც მისთვის ამზადებს. რატომ არ უნდა შეუქმნათ კომფორტი თქვენი ოცნების მამაკაცს. გაარკვიეთ, რა უყვარს თქვენს პარტნიორს და შეეცადეთ, ასიამოვნოთ – არ დაგავიწყდეთ, მთავარია კომფორტი! მიეცით საშუალება, სადაც მას სურს, იქ მიირთვას – სამზარეულოში, ტელევიზორთან დივანზე თუ საწოლში (გასაგებია, რომ ვერ ვიტანთ). მიართვით, მოემსახურეთ, ოღონდ, რაც მთავარია, გააკეთეთ ეს სიამოვნებით, ღიმილით, მიეცით საშუალება, თავი შაჰად იგრძნოს, სამაგიეროდ, თქვენ მისი ჰარამხანის ერთადერთი სასურველი ბინადარი იქნებით.


დაუთმეთ მამაკაცს საწყისი ასპარეზის დომინანტური როლი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თქვენს ბუნებაში არ ჯდება. აი, შემდეგ კი იყავით გულწრფელები და რაც მთავარია – თავისუფლები საკუთარ სურვილებში.
ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენს რჩეულს, დაუტოვეთ მას თავისი სივრცის, თუნდაც, სულ მცირე ნაწილი აუთვისებელი, ნუ ჩაერევით მკვეთრად მის ურთიერთობაში მეგობრებთან და ახლობლებთან, მიეცით საშუალება, მშვიდად უყუროს ფეხბურთის მატჩს და საყვარელ ფილმებს, ხანდახან უთქვენოდ. ნუ მოახვევთ თავს დაუსაბუთებელ ეჭვიანობას და ნუ გაუმართავთ სცენებს, კაცებს სძულთ ქალის ნორმად გადაქცეული პრეტენზიული ტონი. გაითვალისწინეთ, მამაკაცისთვის სასურველ ქალთან ყოფნა განტვირთვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და თუკი ეს ყოველდღიურ ქარიშხლად გადაიქცევა, ის აუცილებლად მოძებნის სხვა მყუდრო ნავსაყუდელს.


ქალებო, შეეცადეთ თქვენი ოცნების მამაკაცს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეუქმნათ მცირე, უხილავი, მაგრამ საჭირო კომფორტი. ნუ შეეცდებით მის შეცვლას, ყველაზე წვრილმან საკითხებშიც კი, რადგან თქვენი მცდელობა სრულიად ამაო იქნება, ურთიერთობა კი უსიამოვნოდ დაიძაბება.


წყარო