რა მაგიური ძალა აქვს კაბას - შარვალი ქალში უშვილობას იწვევს?

  • თბილისელები
  • 28 ოქტომბერი 13:04

ძველ დროში ქალიშვილს ქვედაბოლოდან მხოლოდ ტერფი უჩანდა, ხოლო მოწიფულ ქალს ქუსლიც კი – არა... და ამას საკრალური დანიშნულება ჰქონდა:

ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ქალი ენერგიას მიწიდან იღებს, რითაც ღრმად იდგამს მასში ფესვებს და ნაყოფიერების ძალას იძენს. ქალის ენერგია ქვევით უნდა მიედინებოდეს, რადგან სწორედ ქვემდინარე ენერგეტიკული ნაკადია დაკავშირებული შვილოსნობის ფუნქციასთან და მისი ჰორმონებიც სხეულის ქვედა ნაწილშია პროდუქტიული. ქალის სილამაზეც ხომ ჰორმონებზეა დამოკიდებული: თუ ის იკლებს, სილამაზე და ჯანმრთელობაც თან მიაქვს. გარდა ამისა, გუმბათისებრი ქვედაბოლო ქალს სინაზეს, იდუმალებასა და ქალურობას ჰმატებს. მოკლედ, თუ რა მაგიური დანიშნულება აქვს კაბას ქალისთვის და რა გავლენას ახდენს ის მის სულზე, სხეულსა და ნაყოფიერებაზე, განგვიმარტავს, ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელენე კ.


– რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩაცმის მანერა, ასე აქტუალური რომაა დღეს, არა მარტო ქალის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ მამაკაცების მხრიდანაც აძლიერებს მიზიდულობის ძალას. გრძელი კაბა პატრონს თავს ქალად აგრძნობინებს და ასეთად აღაქმევინებს მას მამაკაცსაც. ეს კი ხელს უწყობს ურთიერთობის ჰარმონიზებას. ცნობილია შემთხვევები, როცა შარვლიდან კაბაზე გადასვლა უნაყოფობის დიაგნოზდასმულ ქალებსაც კი დახმარებია დაფეხმძიმებაში. კაბა ქალურობის აუცილებელი ატრიბუტია და არა იმიტომ, რომ ლამაზია, მას საკრალური დანიშნულება აქვს. თვალი გადავავლოთ ქალის ჩაცმულობას ძველი ცივილიზაციების ხანაში – რაც არ უნდა განსხვავებული მოდელი ყოფილიყო ქვეყნების ტრადიციებიდან გამომდინარე, ყველას კაბა ან ქვედაბოლო ეცვა, იქნებოდა ეს: ხიტონი, კიმონო, სარაფანი, ტუნიკა, სარი თუ ხევსურული ტალავარი.


– რატომ? რა მაგიური გავლენის მოხდენა შეუძლია კაბას ქალზე?


– იმ დროს ინფორმაციული დაბინძურებისგან დაცული ხალხი გაცილებით ნათლად და სრულად აღიქვამდა კავშირს შინაგან ბუნებასთან და ხვდებოდა, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან განსხვავდება არა მარტო ფიზიკურად, არამედ ენერგეტიკულადაც. ქალი ისეა მოწყობილი, რომ ენერგიას ქვემოდან იღებს – დედამიწიდან (შესაბამისად, სიტყვა დედამიწა ძალიან სიმბოლურია ქართულში), ამაში იგულისხმება მატერიალური სიკეთეც – მიწის ბარაქიანობა იმ ნაყოფშია, რომელსაც ის გვაძლევს. მამაკაცი კი ენერგიას იღებს ზემოდან, ანუ მას ჰაერით კვებავს. საშვილოსნო ჭურჭელია, რომელშიც ქალური ენერგია გროვდება. მამაკაცს კი ეს ორგანო არა აქვს, შესაბამისად, ვერც იმდენივე ენერგიას დააგროვებს. მხოლოდ ქალისგან შეუძლია მას ამის შევსება. მაგრამ, როცა ქალი იცვამს შარვალს, ჯინსს, ამით მიწასთან დამაკავშირებელ ენერგეტიკულ არხს კეტავს და ყველა ორგანოს მცირე მენჯის არეში ერთად ტენის. ეს აფერხებს სისხლის მიმოქცევასა და ენერგიის შემოდინებას, რითაც თავის წმინდა ჭურჭელს ცარიელს ტოვებს. შესაბამისად, გასაცემიც აღარაფერი აქვს. ქალური ენერგია კი, რომელსაც ის მამაკაცს აძლევს, კაცს უფრო თავდაჯერებულს, სტაბილურს, მშვიდს ხდის, რაც მის შემოქმედებით უნარს ააქტიურებს. უხეში და აგრესიულია მამაკაცი, რომელსაც ქალის სიყვარული, მისი სირბილე და ალერსი აკლია. ასე, საბოლოოდ, ენერგიათა ცვლა ირღვევა – ქალი მხოლოდ საკუთარ სულს კვებავს, რაც მამაკაცურ ტიპს აძლიერებს მასში და როგორც კაცი კაცთან ისე ურთიერთობს საპირისპირო სქესთან. ფიზიკურად ეს ავადმყოფობაში, ჩხუბსა და სკანდალებში ვლინდება.


– და ამ ყველაფერს კაბის შარვლით ჩანაცვლება იწვევს?


– პირველად საჯაროდ შარვლის ჩაცმა გაბედა კოკო შანელმა და მანვე გახადა ის მოდური. ამით კი გაარღვია ჯებირი და ქალებს მამაკაცური სამყაროსკენ გაუხსნა გზა, ანუ ქალი მამაკაცს გაუტოლა, თუმცა გათანაბრება მაინც არ გამოვიდა. სამწუხაროდ, დღეს ბევრ ქალს შარვლის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენია და მათი მთავარი არგუმენტია: მოსახერხებელიაო. მართალაც ჯინსებში უფრო მოსახერხებელია მამაკაცის საქმის შესრულება – სიმძიმის თრევა, სწრაფად და მსუბუქად გადაადგილება, როცა კაბა დაბრკოლებაა ასეთ შემთხვევაში. თუმცა, სწორედ ეს დაბრკოლებაა ქალის სიმშვიდის გარანტი, რაც ჰარმონიული მდგომარეობაა მისთვის. ნამდვილ ქალს აზრადაც არ მოუვა, სიმძიმეები ათრიოს – მშვიდად დაელოდება, სანამ ჰორიზონტზე კაცი გამოჩნდება, რომელსაც ნაზად და ქალურად სთხოვს დახმარებას და ისიც უარს ვერ ეტყვის – ეს ხომ მისი მამაკაცური ბუნების გამოვლინებაა. კაბის ჩაცმისთანავე გრძნობ, როგორ იცვლება მდგომარეობა: ხდები უფრო კეკლუცი, მიმზიდველი, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, კაცს ყოველთვის კაბიანი ქალი რომ ურჩევნია შარვლიანს, რაც არ უნდა კლასიკური ჯინსი ეცვას მას.
– კაბის სიგრძეს თუ აქვს მნიშვნელობა?
– მივუბრუნდეთ ძველ დროს, როცა ქალებს მხოლოდ გრძელი კაბები ეცვათ. ეს მიწიდან მიღებული ენერგიის სწორად დაგროვებას ემსახურებოდა, რადგან იცოდნენ, რომ სწორედ ქალური ენერგია გახლდათ ნაყოფიერებისა და ბარაქის, სტაბილურობისა და სიმშვიდის მატერიალური ძალა. თითქმის მიწამდე დაშვებული ქვედაბოლო სამკუთხედს ქმნის, რაც ქალისთვის საჭირო მკვებავი ძალის გატარებასა და შენახვას უწყობს ხელს. განიერი კაბის შრიალი და ფრიალი სიარულისას ქმნის ველს, რომელიც ასევე ეხმარება მიწიდან წამოსულ ენერგიას მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. მოკლე კაბის ჩაცმისას კი სამკუთხედი მცირდება და შესაბამისად, ქალური რესურსებით შევსებაც იკლებს. კაბის კალთის საკრალურობა კი მის წრიულობაშია, რაც სექსუალურ ცენტრს იცავს, რომლის სწორად მუშაობაც განსაზღვრავს ქალის ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ ფუნქციას. ასევე, იცავს მის სისუფთავესა და უმანკოებას, ფსიქიკაზე ახდენს ზემოქმედებას. გრძელი კაბა ქალს ბილწი მზერისგან იცავს, რომელსაც შეუძლია ქვედა ჩაკრებს დაარტყას და სექსუალური ენერგიის გადინება გამოიწვიოს. ამას კი სასიცოცხლო ძალისა და ქალური მიმზიდველობის დაკარგვა მოჰყვება. შედეგად, ენერგიისგან დაცლილ ქალს მამაკაცისთვის მისაცემი აღარაფერი რჩება, რის გამოც შეუმჩნეველი და უინტერესოა მისთვის. ასე რომ, მინი კაბა და შარვალი საბედისწერო აღმოჩნდა ქალისთვის – შვილოსნობადაქვეითებულმა და ფსიქიკური თუ ენერგეტიკული ძალებისგან დაცლილმა ქალმა მამაკაცს აღარაფერი დაუტოვა გასაზიარებლად.

წყარო: თბილისელები