მშობლის მიერ, არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • pia.ge
  • 27 ოქტომბერი 13:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.


არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge