როგორ ვებრძოლოთ COVID-19-ს ძილის მეშვეობით

  • 9 მაისი 23:49

ძილის ნაკლებობას იმუნიტეტის დარღვევა მოსდევს, რაც ესოდენ აუცილებელია კორონავირუსთან გასამკლავებლად – ზოგს ის უქვეითდება, ზოგის შემთხვევაში კი არაადეკვატურად იწყებს მუშაობას და აუტოიმუნურ პრობლემებს აჩენს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლებშია დარჩენილი, დაავადების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ძილის სწორ რეჟიმს ენიჭება, აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ძილის ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი, სომნოლოგი ალექსანდრა პუჩკოვა.  


„თვითიზოლაციის პირობებში ძილს კიდევ ერთი, ძალიან აქტუალური ფუნქცია უჩნდება. ახლა საჭიროა კარგად ძილი, ვინაიდან ეს აუცილებელია იმუნიტეტის გამართული მუშაობისთვის. ძილთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ მის ნაკლებობას იმუნიტეტის დარღვევა მოსდევს. ზოგს ის უქვეითდება, ზოგის შემთხვევაში კი არაადეკვატურად იწყებს მუშაობას და აუტოიმუნურ პრობლემებს აჩენს“, — განმარტავს სომნოლოგი.


მეცნიერი საზოგადოებას ურჩევს, დღე-ღამეში, სულ ცოტა, რვა საათი დაუთმონ ძილს — კარგად განიავებულ, გრილ ოთახში, სადაც იქნება სიბნელე და სიწყნარე. 


პუჩკოვას თქმით, შინ ჯდომა და დისტანციური მუშაობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაძინებისა თუ გაღვიძების დრო უნდა გადანაცვლდეს და ჩვეული ბიორიტმი კარდინალურად შეიცვალოს. 


„ეს ცუდი ვარიანტია. როდესაც ასეთი ცვლილება ხდება, შიდა საათის დესინქრონიზაცია იწყება, ანუ ორგანიზმის სისტემათა მუშაობის რეჟიმი ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს კი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე“, – ასკვნის სომნოლოგი. 


წყარო