ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ინტერნეტ-ტელევიზია – „ნეტფლიქსში“ მუშაობს

  • თბილისელები
  • 25 ოქტომბერი 12:56

ანა მაჭარაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-ტელევიზიის – „ნეტფლიქსის“ წევრი გახდა.

ის კომპანიას მომხმარებელთან ურთიერთობაში, მათ შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლის მოზიდვაში დაეხმარება. ასევე, ფიზიკურ პირებთან და ბიზნესპარტნიორებთან ექნება ურთიერთობა და მომსახურების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.


ანას ნიდერლანდებში დავუკავშირდით და სიამოვნებით დაგვთანხმდა, უფრო დეტალურად მოეყოლა თავისი წარმატების ამბავი.


ანა მაჭარაშვილი: ბევრმა ადამიანმა გამიცნო, როგორც „ნეტფლიქსის“ თანამშრომელი, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდი, დიდი და რთული გზის გამოვლა მომიხდა. ილიაუნის სტუდენტი ვიყავი საქართველოში, ბაკალავრიატზე გამოყენებით ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ვსწავლობდი. იმავე განხრით ვისწავლე ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნებისას გამიჭირდა ჩემს სფეროში დასაქმება და თავად გამოვიჩინე ინიციატივა, რომ უცხოელებისთვის ქართული ენა მესწავლებინა, რამაც გაამართლა. ეს სამუშაო მეხმარებოდა, ხელი შემეწყო ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მომწონდა და ასევე, ბევრ საინტერესო ადამიანსაც შემახვედრა. შემდეგ ვმუშაობდი საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც ბიზნესის გაფართოებაზე ვზრუნავდი და მოსწავლეებს ვეხმარებოდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში. ამავდროულად, დავაარსე ტურისტული სააგენტო, რითაც ჰოლანდიის უნივერსიტეტებიდან სასწავლო ტურებზე ჩამომყავდა ჯგუფები. ჰოლანდიაში გადასვლის შემდეგ კი მუშაობა შევწყვიტე და მთელი ენერგია სწავლას მოვახმარე.
– უცხოეთში სასწავლებლად გაემგზავრე?
– ჰოლანდიაში წასვლის მიზეზი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა იყო. დიდხანს ვცდილობდი, ბიზნესადმინისტრირების პროგრამაზე ჩამებარებინა, მაგრამ ჩემი განათლება არ შეესაბამებოდა მათ პროგრამებს. საქართველოში სამაგისტრო გამოცდები რომ ჩამებარებინა, ბიზნესისა და ეკონომიკის წიგნების კითხვა დავიწყე. რამდენიმე უნივერსიტეტმა მიმიღო და ბოლოს ილიაუნის ინგლისურენოვანი პროგრამა ავირჩიე ბიზნესის ადმინისტრირებაში. ამ პროგრამაზე მოპოვებული კრედიტების, ინგლისური ენის ტესტის, სხვა მრავალი საბუთის და გასაუბრებების საფუძველზე, მიმიღეს ჰააგის უნივერსიტეტში იმავე პროგრამაზე. სულ მალე ისიც შევიტყვე, რომ ჰოლანდიის მთავრობა სწავლისა და ცხოვრებისთვის სრულ გრანტს მთავაზობდა და მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ჰოლანდიური თავგადასავლები.
– როგორია შენი ჰოლანდიური თავგადასავლები?
– პოზიტიური ამბებით დატვირთული წელი მქონდა. გარდა იმისა, რომ ბევრი ახალი რამ ვისწავლე და კარგი მეგობრებიც შევიძინე, მომეცა შესაძლებლობა, მემოგზაურა და ბევრი საინტერესო ადგილი მენახა. უკეთ გავიცანი ჰოლანდია და მისი კულტურა. აღმოვაჩინე, რომ ჰოლანდიელები ძალიან ხელგაშლილი და პატიოსანი ხალხია, არაჩვეულებრივი იუმორის მქონე, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან ნებისმიერ საქმეს. ვცდილობ, მათგან ავიღო მაგალითი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე დავგეგმო, როგორც თვითონ აკეთებენ. ჰო, კიდევ, არ უყვართ ზედმეტად თავმომწონე ხალხი. ფინანსურად რაც უნდა შეძლებული იყოს, ფუფუნების ნივთებით ნაკლებად ინტერესდებიან. ხშირად იყენებენ ფრაზას – ბე ნორმალ, სიტყვასიტყვით – „იყავი ნორმალური“, რაც თანასწორად ცხოვრებას გულისხმობს.
– როგორ გახდი „ნეტფლიქსის“ გუნდის წევრი?
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის ძებნა დავიწყე. რამდენიმე თვე გაგრძელდა ძიების პროცესი. ყოველთვის იყო რაღაც, რაც მუშაობის დასაწყებად ბოლომდე არ მაკმაყოფილებდა. „ნეტფლიქსის“ აპლიკაციის გახსნიდანვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ის, რასაც ვეძებდი. ძალიან ორიგინალური და საინტერესო იყო მთლიანი პროცესი – უნარებისა და თვითშეფასების ტესტების გავლა, ვიდეორგოლის მომზადება, გასაუბრებები და ბოლოს, Background check. ამ ყველაფერს რამდენიმე კვირა დასჭირდა და მეც მოთმინებითა და თავდაჯერებით ვუდგებოდი ყოველ ნაბიჯს. ბოლო გასაუბრებაზე თავი დავირწმუნე, რომ ეს სამსახური უკვე ჩემი იყო და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მივდიოდი. ამ მიდგომამ გაამართლა და ვფიქრობ, ეს საუკეთესო კონტრაქტია, რაზეც კი აქამდე ხელი მომიწერია.


 

წყარო: თბილისელები