სალომე ადეიშვილი პოსტის წაშლას არ აპირებს

  • primetimenews.ge
  • 25 ოქტომბერი 01:06

ადვოკატი თამარ აბესაძე გადაცემა "რეაქციაში" აცხადებს და სალომე ადეიშვილის სკანდალურ პოსტთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს.

ადვოკატის თქმით, ადეიშვილს სტრესული გარემოდან თავის დაღწევა სურდა, რის გამოც  ამერიკაში წავიდა.

"სალომე ადეიშვილი არ გაქცეულა. მან მიიღო გადაწყვეტილება, ალბათ უკეთესი პირობების გამო. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, პროკურორები როგორი ქანცგაწყვეტილები დადიან და შრომობენ. გადაწყვიტა, რომ წასულიყო ამერიკაში და სწორედ, იქიდან დადო პოსტი და თავისი გულისტკივილი წარმოთქვა. სწორედ ამიტომ იწყება მისი პოსტი "იმიტომ, რომ", ალბათ დაუსვეს კითხვა, რატომ წავიდა ის პროკურატურიდან. მე სალომეს, როგორც კადრს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. შეიძლება ყველასთვის მოსაწონი პროკურორი არ არის, ყველასთვის მოსაწონი ადვოკატი ვერ ვიქნები, ზოგადად, შესაძლებელია, ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება, რომ არ იყოს ყველასთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი."- განაცხადა ადვოკატმა.

თამარ აბესაძის თქმით, სალომე ადეიშვილი პოსტის დაწერას არ ნანობს.

"ეს არ იყო განზრახვით დადებული პოსტი, ეს იყო მისი გულისტკივილი. მას რა საქმეც უკეთებია, უკეთებია მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურაში, რა თქმა უნდა, გაუჭირდებოდა თავისი დღის წესრიგის შეცვლა. მან თავისი გულისტკივილი განათავსა პოსტად და ასეთი ამბავი თუ მოჰყვებოდა, არ ეგონა. თუმცა, მის აღებაზე არც უფიქრია. ვერ ვიტყვი, რომ მას რაიმე სიცრუე ჰქონდა გაცხადებული. ადამიანმა რაც იგრძნო და მასზე აისახა, სწორედ ის დაწერა. როგორც სცენის მტვერს ეგუებიან და ეჩვევიან და ამის გარეშე არ შეუძლიათ, ასეა პროკურატურაშიც, თუმცა ის მაინც წავიდა. არც მშიშარაა და არც თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. რატომ უნდა მოითხოვოს თავშესაფარი?“, - აცხადებს თამარ აბესაძე.

 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge