„კორონამ“ გაიხაროს ჩემი შვილების გახარებისთვის - ჩემთვის ეს მესამე კომენდანტის საათია “

  • თბილისელები
  • 5 მაისი 16:32

„კომედი შოუს“ მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი დაწესებულ შეზღუდვებს, იზოლაციასა და კარანტინს იუმორით ხვდება, სახლში დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს, თავის გამომწერებს კი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებით ამხნევებს.

ბიჭიკაშვილი ამბობს, რომ კომენდანტის საათი მის ცხოვრებაში ორჯერ უკვე იყო. გთავაზობთ ამონარიდს მსახიობის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში „თბილისელები“ დაიბეჭდა:


ვახო ბიჭიკაშვილი: ბავშვობაში, აკრძალვები არა, მაგრამ შეზღუდვები მქონდა, თუმცა, იმ ასაკში საჭირო იყო. მაგალითად, ეზოში დიდ ბიჭებთან გვიანობამდე ყოფნას მიკრძალავდნენ. ალბათ, მეც ასე მოვიქცევი, რადგან არ მესიამოვნება, ჩემი რვა წლის შვილი გვიანობამდე რომ ქუჩაში იდგეს. მოკლედ, კომენდანტის საათი ბავშვობაშიც გავიარე და დედისა და მამის კი არა, ჩემი ასაკის დაწესებული იყო. ასე რომ, ჩემთვის ეს მესამე კომენდანტის საათია – ჯერ ბავშვობაში, მერე – 90-იან წლებში და ახლა – ვირუსის გამო.


– სულ გადარბენებზე იყავი, მაქსიმალურად ქუჩაში, გადაღებებზე ხარჯავდი ენერგიას და ახლა, ზრდასრულ ასაკში, როგორ ეგუები შეზღუდვებს და იძულებით სახლში ჩაჯდომას?


– რთულია, „გადარბენის“ რეჟიმს მოსწყდე და სახლში ჩაჯდე, მაგრამ იმდენად მაქვს გააზრებული, რასთან მაქვს საქმე, ვეგუები. თან, უსაქმოდ კი არ ვზივარ, ვიპოვე გასართობი და ოჯახის წევრებიც ახლოდან გავიცანი (იცინის). ბავშვები გადარეულები არიან სიხარულით, სულ სახლში რომ მხედავენ. გაიხაროს ამ ვირუსმა, ჩემი ბავშვების გახარებისთვის. თან, სახლის საქმეებსაც ვაკეთებ, ამისთვისაც მოვიცალე, აივანზე მცენარეებს ვუვლი.

– ამ ვიდეოების მიღმა რა ხდება შენში?


– რა თქმა უნდა, ადეკვატური ვარ იმ სიტუაციის მიმართ, რაც მსოფლიოში ხდება და ვიაზრებ ამ ყველაფერს. ეს სიტუაცია სხვებზე ადრე ჩემს ოჯახს შეეხო. ჩემი ოჯახის ორი წევრი ეპიდემიის აფეთქების ქვეყნებშია – ერთი ჩინეთში გახლავთ, მეორე – იტალიაში. იტალიაში ჩემი ცოლის, სოფოს დედაა, ჩინეთში კი – ბიძაშვილი, ამიტომ გაცილებით ადრე ვიყავი ინფორმირებული, თუ რა ვითარება შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში და უფრო ადრე გავფრთხილდით, დავიწყეთ სახლში დარჩენა. კიდევ ვამბობ, რთულია სახლში ჯდომა, მაგრამ იმაზე რთული არა, რაც შეიძლება, დაგვემართოს.

– საგანგებო სიტუაცია რომ მოიხსნება, პირველად სად გავარდები ნიღაბმოხსნილი?


– აი, საგანგებო სიტუაცია რომ მოიხსნება, ნიღაბმოხსნილი, პირველად სახინკლეში და საბურგერეში გავვარდები, მეგობრებთან ერთად (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, კუჭია ყველაფრის სათავე და რომ ამბობენ, კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო, მართალია. ასე რომ, არც ახლა ვუჩივი შიმშილს და მადას და ეს ვირუსიც ჩემს კუჭზე გადის (იცინის). იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და კუჭებიც გადაგვირჩება, რომ ბევრი გემრიელი საკვები ვჭამოთ და არა ღამურები.

წყარო: თბილისელები