თუ სხეული ამ სიგნალებს გიგზავნით მაშინ ამქვეყნად პირველად არ მოსულხართ

  • თბილისელები
  • 5 მაისი 13:31

როგორც ცნობილია, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მრწამსისა თუ ნაციონალობის მილიონობით ადამიანს დედამიწაზე მიაჩნია, რომ სულს სხვა სხეულში გადასახლება, ანუ რეინკარნაცია შეუძლია.

ისინი ამტკიცებენ, რომ სული მუდმივად ხელახლა იშვება და ყოველ ჯერზე ახალი სასიცოცხლო ფორმით გვევლინება. სული თავისი კარმული გზით მოგზაურობს და მისი მიზანია, „სრულ გაბრწყინებას“ მიაღწიოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანს რამდენიმე ცხოვრება იმისთვის ეძლევა, რომ იპოვოს გზა სრულყოფილებამდე. ამ სადავო, მაგრამ საინტერესო თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი შალვა ტ.


- ყველას თავისი მოსაზრება აქვს რეინკარნაციის თაობაზე, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, სადღაც გულის კუნჭულში მაინც არ გაეკრას ეჭვს, იქნებ ადრეც ვცხოვრობდი ამქვეყნად, ანდა - მომავალშიც მოვალო. ამიტომ, შემოგთავაზებთ სიას იმ სიგნალებისა, რამაც შეიძლება მიგანიშნოთ, რომ ამ პლანეტაზე ადრეც გიცხოვრიათ, თუნდაც სადმე, ინგლისსა თუ ავსტრალიაში...


- ალბათ, სიზმრებია ერთ-ერთი მათგანი?


- დიახ, ოღონდ, როცა ხშირად მეორდება ერთი და იგივე სიზმარი. ამბობენ, ეს წარსულის გასაღებიაო. ამ დროს სიუჟეტი შეიძლება სხვა ისტორიულ ეპოქასა და ადგილზე ვითარდებოდეს, რაც ნიშანია იმისა, რომ ადრე ისტორიის სულ სხვა წერტილში არსებობდით. საერთოდ სიზმრად ვხედავთ იმას, რაც გვაწუხებს, მაგრამ თუ ხშირად მეორდება ერთი და იგივე, თანაც, ფერადად და სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს გინახავთ, მაგრამ მაინც ძალიან გეცნობათ, დაფიქრება გმართებთ - შეიძლება, თქვენი სული მართლაც დროში მოგზაურობს. მაგრამ, მოგონებები წარსულიდან მხოლოდ სიზმარში როდი ცოცხლდება


- თუ ხშირად განიცდით დეჟავუს შეგრძნებების, ბგერის, გემოს, სუნის მხრივ, რაც გაურკვეული მიზეზით, მაგრამ აშკარად გეცნობათ, შეიძლება სწორედ ესაა მოგონება წარსული ცხოვრებიდან. ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუპყრივართ მოულოდნელსა და უცნაურ შეგრძნებას, როცა ვიცით, ყველაფერი პირველად ხდება და მაინც ვფიქრობთ, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა: „აქ ერთხელ უკვე ვიყავი, ეს ადამიანი ვნახე, ეს სიტყვები მოსმენილი მაქვს, სინათლეც კი ასე ეცემოდა მაშინ... და ისიც ვიცი, რაც მერე მოხდა...“ - თითქოს აწმყო ხვდება წარსულს. მეცნიერულად ეს წარსული ცხოვრების პარაფსიქოლოგიაა, ანუ წარსულ ცხოვრებაშიც იგივე განგიცდიათ.


- ინტუიციაც შედის ამ სიაში?


- საერთოდ, ინტუიცია სიბრძნისა და ცოდნის გამოყენების შესაძლებლობაა. თუ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ, ეს კარნახია სულის მდიდარი გამოცდილებისა და შეგიძლიათ, გამოიყენოთ. რეინკარნაციის მოწამენი ამტკიცებენ, რომ ასეთ ადამიანს საოცარი კავშირი აქვს დროსთან, როგორც წარსულსა და აწმყოში, ისე მომავალში. 

წყარო: თბილისელები