ქართულ ანტივირუსულ ელექტრონიღაბს ლუგარის ლაბორატორიაში გამოცდიან

  • 3 მაისი 16:22

დავით მიზანდარის მიერ შექმნილ მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისაგან დამცავ ელექტრონიღაბს ლუგარის ლაბორატორიაში გამოცდიან.

ელექტრონიღბის MIZ-MASK პროტოტიპი ქართველმა გამომგონებელმა მიმდინარე წლის მარტში 3D პრინტერით დაამზადა. მან ჰაერის ფილტრაციისა და სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი, მაღალეფექტური ჰეპა და ნახშირის ფილტრები, იონიზატორი და ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათება ერთ სისტემაში გააერთიანა, რაც 99.9 %-ით სუფთა ჰაერს უზრუნველყოფს.


"ნიღბისთვის საჭირო ნაწილები მივიღეთ, სპეციალური ნათურების მომწოდებელიც შევარჩიეთ და ახლა პირველი მუშა ნიღბის საბოლოო დეტალებს ვასრულებთ. შემდეგ კვირაში უკვე ლუგარის ლაბორატორიაში ვაპირებთ ნიღბის გამოცდას", - განაცხადა დავით მიზანდარმა popX-თან საუბარში.


დავით მიზანდარი მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისაგან დამცავი ელექტრონიღბით. 
ნიღაბს ვირუსებისგან დაცვის რამდენიმე ბარიერი აქვს. შემოსული ჰაერი თავდაპირველად ჰეპა და ნახშირის ფილტრების საშუალებით იფილტრება, შემდეგ დახვეულ მილაკში გადადის, რომელიც შიგნიდან ვერცხლის იონებითაა დაფარული, ბოლოს კი იონიზაციის კამერაში ხვდება, სადაც მისი ნაწილაკები უარყოფითი იონებით იმუხტება, რაც დარჩენილი ბაქტერიების, დამაბინძურებელი ალერგენების ან მტვრის უმცირესი ნაწილაკების საბოლოო განეიტრალებას უზრუნველყოფს. ფილტრის გარე და შიდა ზედაპირისა და მილაკის მუდმივი სტერილიზაცია ძლიერი დიოდის UV-C (254 nm) ნათებით მიიღწევა.


ელექტრონიღაბში მოთავსებულია აკუმულატორი, რომლის ერთი დატენვაც 8-დან 12 საათამდე მუშაობას ჰყოფნის. სუნთქვის უკმარისობის ან ფიზიკური დატვირთვისას მეტი ჰაერის საჭიროების შემთხვევისთვის ის აღჭურვილია Boost Air ფუნქციით, რომლის გააქტიურებისას სპეციალური მიკროძრავი ჰაერის ნაკადს სუნთქვის რიტმის მიხედვით აწოდებს. ნიღაბს აქვს ასევე ჰაერის გამშვები ორი სარქველი, რაც მასში კონდენსატის წარმოქმნას უშლის ხელს და ულტრაიისფერი სანათი, რომლითაც ისეთი ნივთების სტერილიზაციაა შესაძლებელი, როგორებიცაა ტელეფონი, საფულე, კარის სახელური და სხვა. 


წყარო