"მედიაში განვითარებული მოვლენები არ მომწონს - "რუსთავი 2″-ში მოვლენები შეიძლებოდა სხვანაირადაც განვითარებულიყო"

  • 22 ოქტომბერი 22:39

ირაკლი მაისურაძე ტელევიზიაში, არც მეტი და არც ნაკლები, სტომატოლოგიიდან აღმოჩნდა – პროფესიით სტომატოლოგ-ორთოპედია. ერთ დღეს ძმას მიაკითხა სამსახურში, ტელეკომპანია “საქართველოს ხმაში” და პროფესიის შეცვლაც მაშინ გადაწყვიტა.

მას შემდეგ ბევრი სამუშაო ადგილი, ბევრი ტელეარხი გამოიცვალა. ახლა “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების წამყვანია.


სამი შვილის მამისთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას, ყველაზე მეტად ოჯახის წევრები აძლიერებენ. ოჯახში კი თავის ოთხფეხა მეგობრებსაც გულისხმობს, რომლებთანაც ირაკლის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.


– ირაკლი, ჟურნალისტებისთვის გასული ზაფხული ძალიან ცხელი, პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. თქვენ როგორ და სად გაატარეთ ეს სეზონი?


– ოო, ზაფხული გრილი, მაგრამ პოლიტიკურად ნამდვილად ცხელი იყო! შევძელი, შვებულებით მესარგებლა, მაგრამ დასვენების რა გითხრათ. პირადი მიზეზების გამო თბილისი არ დამიტოვებია. შვებულების პირველი დღე 8 აგვისტო იყო და ამ დღეს ცოტა არასწორი მგონია სამსახურის დატოვება, თუ შენს საქმეზე შეყვარებული ხარ და ქვეყანაზეც შეგტკივა გული. ასე რომ, შვებულებიდან ერთი დღე ისევ სრული დატვირთვით ვიმუშავე, დანარჩენი დრო სახლში, ძირითადად გამოძინების პროცესში გავატარე.


არ მგონია, რომ ჟურნალისტებმა, ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებმა კარგად დაისვენეს. საზაფხულო სეზონი მოკლე და “გადარბენაზე შვებულებების” პერიოდი იყო. მედიამ მძიმე ზაფხული გამოიარა. ქვეყანაში რთული პერიოდია და ეს ჩვენს საქმიანობაზე განსაკუთრებულად აისახება, ჟურნალისტები მთელი დატვირთვით მუშაობენ. საზოგადოება ახალ ამბებს ელის და ძნელია ხალხს აუხსნა, უკაცრავად, ჩვენც დასვენება გვინდა და მოითმინეთ, ახალ ამბებს მერე მოგიყვებით-თქო.


– წლების განმავლობაში მუშაობდით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, რომლის გარშემოც მოვლენები ამ ზაფხულს დრამატულად განვითარდა. არხის მფლობელი, მენეჯმენტი შეიცვალა, ჟურნალისტები სხვა ტელეკომპანიებში წავიდნენ. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესებს?


– არამარტო “რუსთავი 2”-ის მიმართ, ზოგადად მედიაში განვითარებული მოვლენები არ მომწონს. დავიწყოთ იქიდან, რომ რადიკალიზმის მომხრე არ ვარ და ეს არც მედიაში მომწონს. არ მომწონს ის, რომ საზოგადოება რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი და ისინი ერთმანეთს ფაქტობრივად მტრებად აღიქვამენ. ამ რეალობის დუბლირება მედიაშიც ხდება.


მედიასაშუალებები და მათი წარმომადგენლები, კონკურენციის გარდა, ხშირად სიტყვიერადაც უპირისპირდებიან ერთმანეთს. ნუ მომთხოვთ დაკონკრეტებას, სოციალურ ქსელშიც კარგად ჩანს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დეკლარირებულია, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, სხვადასხვა პოზიციები ჰქონდეთ, ამ მიმართულებით მაინც მოვიკოჭლებთ. “ჩემნაირად თუ არ ფიქრობ, ცდები და უნდა გაგკიცხო” – ასეთი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში.


შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს და სოციალური ქსელებიც ამის ნათელი მაგალითია.


ჩემს ყოფილ სამსახურში, “რუსთავი 2”-ში, მოვლენები შეიძლებოდა სხვანაირადაც განვითარებულიყო, ალბათ შესაძლებელი იყო ჟურნალისტებთან სხვა ენით ლაპარაკი. მგონია, რომ მცდელობა დააკლეს და თავის დროზე საუბარი ვერ შედგა.


– ბევრი არხი გამოიცვალეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს მედია ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური სამსახური?


– არასტაბილური? კი, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. ამ თემაზე ძალიან მოკლედ რომ გიპასუხოთ, ასეა – მედია ძალიან მიბმულია პოლიტიკაზე. მგონია, რომ მედისაშუალებები, როგორც ბიზნესი, ბოლომდე არ არსებობენ – ფინანსურად დამოუკიდებლები არ არიან. აი, ეს არის საწყისი და მერე უკვე პრობლემები მრავლდება და სხვადასხვა მიზეზებად იშლება.


– 20-21 ივნისის აქციებზე რეპორტიორად მუშაობდით. მოგენატრათ ქუჩაში მიკროფონით სიარული?


– პირდაპირ ეთერში მუშაობა არც არასდროს მომწყინდება – სტუდიაში, ქუჩაში. ეს დღემდე ადრენალინია ჩემთვის და 235 წლის მერეც არ მომწყინდება. გარკვეული პერიოდი ქუჩაში გადაღებაზე იმიტომ არ ვჩანდი, რომ სტუდიის რეჟიმია დატვირთული. მიმაჩნია, რომ საინფორმაციოს წამყვანი თუ მიკროფონით არ დარბის, მან ახალი ამბების გემო აღარ იცის.


– როდის უფრო მეტია ადრენალინი – სტუდიაში თუ ქუჩაში, გადაღებაზე?


– განსხვავებას ვერ ვხედავ, ორივე შემთხვევაში მთავარი მიზანია, რომ მაყურებელს ახალი ამბავი მოუყვე და საინტერესო დეტალი არ გამოგრჩეს.


– პირდაპირ ეთერში დაგიშვიათ შეცდომები?


– ერთხელ ტექნიკური ხარვეზები იყო. დაღლილი ვიყავი და ძალიან ამაყად ვთქვი: “ტექნიკური ბოდიშისთვის გიხდით ხარვეზს”. ეს რომ მახსენდება, დღემდე გულიანად ვიცინი, მაგრამ პარალელურად შიგნიდან მაინც ვწითლდები. უჰ, ბევრი შეცდომაა, რომლებიც მერე სასაცილოდ გეჩვენება, მაგრამ კარიერის დასაწყისში, ანუ პატარაობაში, ამ დროს გინდება, რომ გაქრე. არადა ჟურნალისტებიც ადამიანები არიან და არა – რობოტები.