ვინ გაქურდა კუზანოვების აგარაკი?

  • primetime.ge
  • 17 ოქტომბერი 15:25

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ივა კუზანოვის კუთვნილი აგარაკის გაქურდვის საქმეს განიხილავდნენ. 

ფაქტი გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა. მცხეთის რაიონის სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე კუზანოვების აგარაკიდან ახალგაზრდა მამაკაცმა ტელევიზორი მოიპარა. საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, თუმცა ირკვევა, რომ დაზარალებულ მხარეს პრეტენზია არ გააჩნია და ბრალდებულმა ზარალი უკვე აანაზღაურა. ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას მოპარული „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი ამოიღეს. 


კუზანოვების აგარაკის გაქურდვაში ბრალდებული მოქალაქე ლევან ჯიქური გახლავთ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი 20-21 ივნისის მოვლენების დროს გახდა. ის აქციის დროს ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ბრალი პოლიციის წინააღმდეგობის მუხლზე გადაუკვალიფიცირეს და სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.


ის 3000-ლარიანი გირაოთი არის გათავისუფლებული კუზანოვების აგარაკის ქურდობის საქმეზეც. 


სასამართლოში ცნობილი გახდა ისიც, რომ ლევან ჯიქური წარსულში ყაჩაღობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებითაც იყო გასამართლებული.    


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge