ჩცდ-ში ბარბარიკას ხაზი აუცილებლად გაგრძელდება

  • თბილისელები
  • 16 ოქტომბერი 16:53

25 ოქტომბრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" მე-16 სეზონი იწყება. როგორც თაკო კორინთელმა გვითხრა, მისი გმირის, ბარბარიკას ხაზი აუცილებლად გაგრძელდება.

ცოტა ხნის წინ მსახიობს გამზრდელი ბებია გარდაეცვალა და სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა: "ბებო წავიდა თავის სიყვარულთან. ერთმანეთის გარეშე ვერასდროს ძლებდნენ... სული მეწვის და გული მეხლიჩება... ჩემთვის და ჩემი ძმისთვის მეორე მშობლები იყვნენ..."


თაკო კორინთელი: წელიწად-ნახევარია, რაც ბაბუა დაიღუპა, ცოტა ხნის წინ კი ბებია გარდაიცვალა. ბებია-ბაბუა იყო ის წყვილი, რომლის სიყვარულზეც დაუსრულებლად შემიძლია, ვისაუბრო. მათ სიყვარულს რომ ვხედავდი, სულ სხვა განცდა და ემოცია მეუფლებოდა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იყვნენ შეხმატკბილებულები. ყოველთვის ვამბობდი, მეც ზუსტად ასე მინდა, ვიყო-მეთქი. მათი სითბო და სიტკბო მთელ ოჯახზე გადმოდიოდა. არც ერთი და არც მეორე არ ავადმყოფობდა. მოულოდნელად ჯერ ბაბუა გარდაიცვალა და წელს უკვე – ბებიაც. ვამბობ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლეს-მეთქი. ბებო ძალიან განიცდიდა ბაბუას ამბავს. ყველაზე გულის ამაჩუყებელი ის იყო, რომ ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, ბებია ჩვენთან, შვილიშვილებთან არ იმჩნევდა, თუ როგორ უჭირდა, რადგან მიუხედავად ასაკისა, ჩვენ მისთვის ისევ ბავშვები ვიყავით. ბავშვს ცრემლი და ნერვიულობა რომ არ უნდა დაანახვო, სულ ასეთი მიდგომა ჰქონდათ. მე და ჩემს ძმასაც გვეგონა, რომ პრობლემები არ არსებობდა – ვარდისფერი სათვალეებით გვანახებდნენ ყველაფერს. ძალიან მტკივნეულია მათზე წარსულში საუბარი.


– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარიკას ისევ ვიხილავთ? ჟურნალისტიკაში რა ხდება?


– „ჩცდ-ს“ გადაღებები ჯერ არ განახლებულა, თუმცა მალე დაიწყება. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ბარბარიკას ხაზი აუცილებლად გაგრძელდება. ბევრი არაფერი ვიცი და მეც თქვენთან ერთად ველოდები სიახლეებს. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ჟურნალისტიკას, ჯერჯერობით დროებითი პაუზა მაქვს, თუმცა აუცილებლად დავუბრუნდები.


– ამბობენ, მეუღლეს შეურიგდაო, მართალია?


– ჩემს პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ და არც მინდა ვისაუბრო. კარგი იქნება თუ ცუდი, ჩემი პირადია და მინდა, ჩემთვის დავიტოვო. ვერც კის გეტყვით და ვერც არას, ცოტა ინტრიგასაც დავტოვებ (იცინის).


 

წყარო: თბილისელები