მიხეილ სააკაშვილი: გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება

  • 14 ოქტომბერი 18:22

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის გაასამართლებენ.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით".


"რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს სიველურე, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში. როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას, ეს არის არაცივილიზებული და ძალიან აზარალებს საქართველოს. ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და მაქსიმალური სულგრძელობა, ასევე მაქსიმალური პატიება. ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან დიდი ნაწილი, ამგვარად საუბარი იმაზე რომ ეს უნდა შერჩეს არ არის სწორი. მინდა იმ პოლიტიკოსებს ვკითხო თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია? მაშინ ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?. რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვლება მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართული უნდა ვიყოთ ეროვნულ ერთიანობაზე, მოვიშუშოთ იარა, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს დაყოფით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით",- განაცხადა სააკაშვილმა.


"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის გაასამართლებენ, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, საქართველოში უნდა დადგეს ის დრო, როცა ხელისუფლების შეცვლას არ მოყვება "მასობრივი პოლიტიკური დევნა".