"არ შეიძლება ჯვრისწერისას ქალის გინეკოლოგიური საკითხები განიხილებოდეს” – ფემინისტმა ირინა ტორონჯაძემ ტრადიციული ქართული ქორწილი გამართა

  • 9 აპრილი 15:56

რამდენიმე თვის წინ "სარკე” უკვე წერდა, რომ საქართველოში ყველაზე აქტიური ფემინისტი და უფლებადამცველი ქალი ირინა ტორონჯაძე, მუსიკოს ლევან სამყურაშვილზე დაქორწინდა. მათი საქორწილო რიტუალები ნოემბერში დაიწყო, როდესაც წყვილმა ხელი მოაწერა. 25 იანვარს კი ჯვარი დაიწერეს.

ბევრისათვის მოულოდნელობა იყო, რომ აქტიური ფემინისტის ქორწილს თან ახლდა ყველა ის დეტალი, რომლებიც ქართული ტრადიციული ქორწილისთვის არის დამახასიათებელი – თამადა, ქართული ცეკვა, თეთრი კაბა და ასე შემდეგ. ის კი არა, ყველაფერი ეს და ზოგადად მთელი ქორწილის ორგანიზება პატარძალმა აიღო საკუთარ თავზე და მისი შეგნებული არჩევანი იყო, რომ ქორწილი სწორედაც ტრადიციულ ჩარჩოებში ჩამჯდარიყო.


ირინას ძალიან მოეწონა ჯვრისწერის ცერემონიალი. თვლის, რომ ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში ხელის მოწერაც და ჯვრისწერაც მნიშვნელოვანი დეტალებია. აღიარებს, რომ ლევანის სიყვარულმა უკვე შეცვალა და შემტევი ხასიათი ცოტა შეურბილა, თუმცა საკმარისია, საზოგადოებაში ქალისადმი დამოკიდებულებაში უსამართლობას წააწყდეს, რომ ბრჭყალები კვლავ ძველებურად ეზრდება.


– ირინა, როგორი იყო თქვენი ქორწილი, როგორ დაგეგმეთ?


– ჩემგან კარგი მენეჯერ-პატარძალი გამოვიდა. ჩემი ქორწილის ყველა დეტალი მქონდა გაწერილი – რა დროს უნდა მეცეკვა, თამადას როდის უნდა ელაპარაკა, როდის უნდა ემღერათ. ბოლოს იმაზე რომ დავიწყე ფიქრი, თაიგულის სროლისას ვინ გამოვიდოდა სცენაზე, მაშინ მითხრეს, ამაში მაინც ნუ ჩაერევიო.


საპატარძლო კაბა ორი თვით ადრე შევიკერე, რომ ქორწილის ორგანიზებისთვის ბევრი დრო მქონოდა. ჩემი და ლევანის აზრები საორგანიზაციო საკითხებში ბევრჯერ დაემთხვა. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ქართულ ტრადიციებში ჩასმული ზომიერი ქორწილი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ქორწილით თითქმის ყველა სტუმარმა ისიამოვნა.


ლევანის მეგობრები არიან ანსამბლ ,,რუსთავის” წევრები და, ბუნებრივია, მათი თითოეული გამოსვლა დაუვიწყარი იყო. თამადაც კი ისეთი იყო, როგორზეც ალბათ ვიოცნებებდი.


ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯვრისწერის ცერემონიალი. ვნერვიულობდი, როგორი მოძღვარი შემხვდებოდა. თვითონ ცერემონიალი ძალიან საკრალური აღმოჩნდა, რადგან ყველა მომენტი გაცნობიერებული მქონდა. ადრე ვფიქრობდი, რომ ჯვრისწერა არასოდეს მექნებოდა, მაგრამ ეს პროცესი ძალიან მომეწონა და ამ რიტუალის ყველა დეტალი სრულად გავაცნობიერე.


– შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანდეს, რომ აქტიურმა ფემინისტმა ქართული ტრადიციული ქორწილი გადაიხადა. ქართული ადათ-წესებიდან თქვენთვის ყველაფერი იყო მისაღები?


– შეგნებული არჩევანი იყო, რომ ჩემი ქორწილი ყოფილიყო ქართული ნოტებით. როდესაც საყვარელ ადამიანს უშვებ შენს სივრცეში, ტვინმა ეს უნდა დაუკავშიროს ისეთ ფაქტორებთან დაკავშირებულ ემოციებს, როგორებიც არის შენი ტრადიციები, შენი ქვეყნის სიყვარული, შენი კულტურა. ჩემი ქორწილი დაკავშირებული იყო ჩემს ფუნდამენტურ ფასეულობებთან, ამიტომ უცხოურ სიმღერებზე ცეკვას ქართული ცეკვა ვარჩიე. ჩემთვის ეს არამხოლოდ გართობის დღე იყო, არამედ სიყვარულის დღე.


ჩემს ქორწილში სწორად შევარჩიე ადამიანები და ზუსტად ვიცოდი, რა ატმოსფერო იქნებოდა. თამადაც ისეთი იყო, რომელიც გააზრებულად ლაპარაკობდა და მხოლოდ სიტყვების ჯახაჯუხი არ ჰქონდა. ჩემი და ლევანის სადღეგრძელოები თქვა და არა – ვიღაც ნეფე-პატარძლის.


ქორწილის წამყვანი ჩემი უმცროსი და გახლდათ, რომელიც ყველაზე კარგად მიცნობს. ყველაფერი სიყვარულით იყო გაკეთებული. ქართული და ლათინური ცეკვებიც მე დავდგი.


– საქორწილო რიტუალებში ხომ არ აღმოგიჩენიათ ისეთი დეტალები, რომლებიც ეწინააღმდეგება თქვენს შეხედულებებს სქესთან თანასწორობასთან დაკავშირებით?


– ჯვრისწერისას იყო მომენტები, როდესაც ბიბლიის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. მაგალითად, ბიბლიაში არის ასეთი სიტყვები, რომ კაცი არის ქრისტეს სიმბოლო და ოჯახის თავი, ქალი – ეკლესიის სიმბოლო და ის მიჰყვება კაცს. ეს სიტყვები ნამდვილად წერია ბიბლიაში, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ქრისტე არის სიყვარულის სიმბოლო. თუ კაცი სიყვარულშია, მას ქალი ბუნებრივად გაჰყვება. არ შეიძლება იმის თავზე მოხვევა, რომ კაცი არის თავი და მას უნდა დაემორჩილო.


ქმარი თუ ლოთი, ნარკომანი, კაზინოში მოთამაშე და “ნაშების” მოყვარულია, რატომ უნდა გაჰყვე ასეთ კაცს?! თუ ქრისტეს გზით ცხოვრობს, მაშინ ქალი მას ბუნებრივად მიჰყვება და ეს ურთიერთობა ჰარმონიულია. როცა კაცი აბსოლუტურად აცდენილია ქრისტეს გზას, არ შეიძლება ამ დროს მის მორჩილებაზე ილაპარაკო.


ბევრი მოძალადე სწორედ იმით იმართლებს თავს, რომ მას ცოლთან ჯვარი აქვს დაწერილი და შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს. ბევრი მოძღვრისგან ისიც მსმენია, რომ ქალმა მამაკაცისგან ბევრი რამ უნდა მოითმინოს, რაც პირდაპირ მოძალადის წახალისებაა.


მოძღვარმა, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, მიცნო და გარკვეულ მომენტებში ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ციტატას კითხულობდა.


ჯვრისწერის პროცესში არის კიდევ ერთ თემაზე აპელირება – თუ ქალწულებრივი ქორწინებაა, ქალს უფლება აქვს, ავიდეს საკურთხეველზე. ამ დროს მიჩნდება კითხვა: ქალწულებრივ ქორწინებას რატომ სთხოვენ მხოლოდ ქალს და არა – მამაკაცს? მე მივესალმები ასეთ მიდგომას, თუ ის ორივესთვის არის, მაგრამ არ მივესალმები იმ თეზისს, როდესაც ქალწულება მხოლოდ ქალისთვის არის და კაცისთვის – აქეთ-იქით ,,გულაობა”. არ შეიძლება ეკლესიაში ჯვრისწერისას განიხილებოდეს ქალის გინეკოლოგიური საკითხები.


მიუხედავად ამ ყველაფრისა, უდიდესი სიამოვნება მივიღე ჯვრისწერის პროცესისგან. ეკლესიას ნამდვილად აქვს ის აურა, რომელიც ამ დიდ სიამოვნებას განიჭებს.


– ბევრი წყვილი ამბობს, ჩვენს სიყვარულს არ სჭირდება ქორწინების ჩანაწერი და ჯვრისწერის გვირგვინიო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?


– ქორწინება ჩემთვის იყო ის რიტუალი, სადაც მე და ლევანმა საკუთარ თავთან დავდეთ გარკვეული პირობები, რომლებიც ტვინმა დაიმახსოვრა. ჩვენ სიყვარული დემონსტრაციულად ვაღიარეთ და ეს ფორმა ძალიან მომეწონა. ეს არის უფლის წინაშეც და შენი ქვეყნის წინაშეც ერთგვარი დეკლარირება მარტივი ფრაზის, რომ მე მზად ვარ, მიყვარდე.


დარწმუნებული ვარ, რთულ პერიოდებში ტვინში ჩადებული ეს აზრები ძალას გმატებს, რომ რაღაცები უფრო ადვილად გადალახო.


38 წლის ასაკში გადავდგი ეს ნაბიჯი და ოჯახი შევქმენი. მანამდეც მეუბნებოდნენ, გათხოვდი, კარგი ვარიანტიაო და ეს არასოდეს მესმოდა. ასეთ ფორმალურ ქორწინებაში არასოდეს შევიდოდი. ჩემთვის ამაზრზენი იყო, ვიღაცას იმის გამო გავყოლოდი, რომ ბავშვი გამეჩინა. ეს პირდაპირ ანგრევს ქორწინების მთელ სიმბოლიკას. როცა ეს რიტუალები საყვარელ ადამიანთან ერთად ხდება, ის სულ სხვანაირია.


– როგორ ახერხებთ იმას, რომ თქვენი ფემინისტური შეხედულებების, პრინციპებისა და ცხოვრების წესის დაცვით გვერდით მყოფი მამაკაცი არ დაჩაგროთ?


– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში არც ერთ მამაკაცს ისე არ ვყვარებივარ, როგორც ჩემმა მეუღლემ შემიყვარა. მან მომცა საშუალება, თუ რამე ქალური რესურსი მქონდა, სრულად გამომევლინა, თან ეს ისე გააკეთა, რომ საკუთარ თავს არ ვუღალატო. ჩემი მარტივი ქმედებებითაც კი აღფრთოვანებულია. მაგალითად, ისე იწონებს და ელოდება ჩემს შემწვარ კარტოფილს, თითქოს რაღაც ქმნილებას ვაკეთებ. როგორიც ხარ, ისეთს როცა მიგიღებს მამაკაცი, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.


ლევანს ჩემში მოსწონს ის მხარეები, რომლებითაც საზოგადოება მიცნობს. ამიტომაც ჩემ გვერდით არ დაიჩაგრება. მას ხომ ის მოსწონს, რეალურად რაც ვარ.


– ხასიათი არ შეგირბილათ?


– კი, გარკვეულწილად შემარბილა. მაგალითად, ამას წინათ გადაცემაში მიმიწვიეს და მითხრა, წამოგყვებიო. ეს გავაპროტესტე, რადგან ლევანთან ერთად ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და მუდმივად სიყვარულის განწყობაზე ვარ, ამიტომ, როცა ლევანს დავინახავდი, ვერავის შევეკამათებოდი მწვავედ, რისთვისაც გადაცემაში უნდა მივსულიყავი.


უნდა ვაღიარო, რომ ლევანს უკვე აქვს ჩემზე გავლენა. რაც მასთან ვცხოვრობ, ხშირად ყველაფერზე მეტირება. ეს იმის გამოა, რომ ემოციების გამოხატვა თამამად დავიწყე. მანამდე ყოველთვის ვთრგუნავდი იმ ემოციას, რაც ამატირებდა. ლევანს ჩემი უსაყვარლესი ოჯახის წევრებზე მეტად ესმის ჩემი.


ასეთი ურთიერთობა ნამდვილად საფრთხილოა, ამიტომაც ლევანი სულ მთხოვს, არ გინდა ამდენი საჯაროობაო. უნდა, რომ ჩვენი ურთიერთობა დავიცვათ.


– ალბათ ბევრს ჰგონია, რომ თქვენს ოჯახში სულ კაცისა და ქალის უფლებებსა და მოვალეობებზეა საუბარი.


– რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობაშიც ყოფილა კამათი, როდესაც ლევანს პირდაპირ უთქვამს, ახლა შენ ნუ მელაპარაკები, როგორც ფემინისტიო. მიხსნის, რომ არ უნდა დაველაპარაკო ისე, როგორც ყველა მამაკაცს. ძალიან საწყის ურთიერთობაში უფრო გვქონდა გარკვეულ თეზისებზე საუბარი, ახლა კი არ გვჭირდება კონსტიტუციის ენის შემოტანა. ენერგეტიკულადაც ისე ვეწყობით ერთმანეთს, რომ შეკამათებებიც მინიმუმამდეა დასული.


არაერთ კომენტარში წამიკითხავს, რომ ლევანი ეცოდებოდათ ჩემ გვერდით. ეს არც მიკვირს, რადგან, ვინც მხოლოდ ეკრანიდან მიცნობს, ჰგონია, რომ სულ ვჩხუბობ და ყველას ვებრძვი. სინამდვილეში ძალიან რბილი და მშვიდობიანი ვარ, თუ ჩემს ფუნდამენტურ ღირებულებებს არ დაესხმებიან თავს. ჩემი კლანჭები მაშინ იზრდება, როდესაც საზოგადოებაში ჩაბუდებულ უსამართლობას ვაწყდები.


– თქვენს კარგად ორგანიზებულ ქორწილს რატომ არ ახლდა თან საქორწილო მოგზაურობა?


– საქორწილო მოგზაურობას მარტში ვგეგმავთ. აღმოჩნდა, რომ რომში არც ერთი ვყოფილვართ, ამიტომ ეს მიმართულება ავირჩიეთ. ჩემი გადაწყვეტილება იყო, ყველაფერი ცალ-ცალკე ყოფილიყო: ნოემბერში – ხელის მოწერა, იანვარში – ქორწილი და მარტში – საქორწინო მოგზაურობა. გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება ჩემგან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა, ჩვენი სიყვარულის დღესასწაულიც ექვს თვეზე გადავანაწილეთ. ნოემბრიდან მოყოლებული სულ მოლოცვებში ვარ.


(ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში _ "სარკენიუსი”).



წყარო