ვილი პაჭკორია სასულიერო პირებს ზიარების შემდეგ კოვზის 96%-იანი სპირტით გაწმენდას ურჩევს

  • 9 აპრილი 15:57

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ვილი პაჭკორია კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობას, მრევლსა და სამღვდელოებას რეკომენდაციით მიმართავს.

პროფესორი მიიჩნევს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ტესტირება სისტემატურად უნდა ტარდებოდეს. 


მისივე თქმით, მედპერსონალის შრომის წახალისების მიზნით, კარგი იქნება თუ მთავრობა მათ საშემოსავლო ბეგარისგან გაათავისუფლებს.


"1) სასურველია, მრევლმა გაიაზროს ვირუსის გავრცელების საშიშროება და შედეგები. კონტაქტიოზური ინვაზიის შემცირების მიზნით, რეკომენდებულია მოერიდოთ მასობრივ თავშეყრას და ლოცვები აღასრულეთ ინდივიდუალურად სახლის პირობებში;


2) სასურველია, მღვდელმთავრებმა ზიარებისას მკაცრად დაიცვათ დისტანციის პრინციპი, ამავე დროს ზიარების პროცესში სტიქაროსნებმა და ღვდელმსახურებმა, მათ ვინც პირისპირ იმყოფებით კონტაქტში მრევლთან, რეკომენდებულია გამოიყენოთ პირბადე.


3) ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანს სისხლხორცამდე სწამს წმინდა ზიარების საიდუმლოება - სამკურნებლად სულისა და ხორცისა, რომელიც თავისთავად არასდროს ავნებს - არამედ არგებს ადამიანს, მაგრამ ვირუსის გავრცელების წყარო შესაძლებელია გახდეს პირის ღრუს ლორწოვანით დაბინძურებული მეტალის კოვზი, ამიტომ რეკომენდებულია ყოველი ინდივიდის ზიარების შემდეგ კოვზი გაიწმინდოს 96%-იანი სამედიცინო სპირტით გაჟღენთილი ნაჭრით, რაც მაღალი ალბათობით გამორიცხავს კონტაქტიოზურ ინვაზიას.


4) სკრინინგის და პრევენციის მიზნით რეკომენდებულია სისტემატიურად ჩატარდეს ინვაზირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალის ვირუსზე ტესტირება.


5) ვირუსთან ბრძოლის პროცესში შეუძლებელია სამედიცინო პერსონალის 24 საათიანი დაძაბული, სტრესული და გაუსაძლისი შრომის შეფასება, ამავე დროს დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მათ, შესრულებული სამუშაოსთვის მიეცეთ პრემია-დანამატები, მაგრამ რეკომენდებულია მთავრობის გადაწყვეტილებით, გარკვეული პერიოდით სამედიცინო პერსონალი განთავისუფლდეს საშემოსავლო ბეგარისაგან, რაც თავისთავად გახდება გარკვეული კომპენსაციის ტოლფასი,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.