ლიფტი, ფული, პროდუქტი - რა გახდა საქართველოში ინფიცირების წყარო შიდა გადაცემის პირობებში

  • 8 აპრილი 22:42

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რამდენიმე კლასტერი არსებობს. შიდა გადაცემა დაწყებულია. ყველაზე საშიში და რისკის შემცველი ის კლასტერებია, სადაც ფულიდან და ლიფტიდან ინფიცირებაა ნავარაუდები, რადგანაც ასეთ შემთხვევებში ინფექციონისტებს პირველწყაროს დადგენა უჭირთ. 

საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის 211 დადასტურებული ფაქტია.
ახლად ინფიცირებულებიდან 2 პაციენტი ვირუსის გავრცელების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებზეც, სავარაუდოდ, ინფექცია ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებისგან გავრცელდა. ორივე პირი 70 წელს გადაცილებულია, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე ახლად ინფიცირებულ პაციენტებს შორის არის არასრულწლოვანიც. 14 წლის მოზარდი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კოვიდ-19 აქვთ მის მშობლებსაც. 


რა გზით არის შესაძლებელი, რომ კორონავირუსი ნებისმიერ ადამიანზე გავრცელდეს?! 
სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა, კოვიდ-19 ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე გადაედო. როგორც ინფიცირებული სტიქაროსნის ახლობლები და მეზობლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, მოზარდი და მისი ოჯახი, ლიფტიდან უნდა დაინფიცირებულიყვნენ, რადგანაც მათ მეზობლებს, რომლებიც მე-6 სართულზე ცხოვრობენ, კორონავირუსი დაუდგინდათ და ისინი სწორედ ლიფტის გამოყენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


მეზობლები ამბობენ, რომ კორპუსის  დეზინფექცია მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხდა და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში სტიქაროსანი და მისი ოჯახი უნდა ინფიცირებულიყვნენ, თუმცა მათ სიმპტომები 2 კვირის შემდეგ გამოაჩნდათ. ოჯახში მცხოვრებ მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახეს, სასწრაფოს დაგვიანების შემდეგ კი ავადმყოფის გადაყვანა ტაქსით სცადეს. საბოლოოდ, სასწრაფო მოვიდა და მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  


„თავდაპირველად, კორონავირუსი დაუდასტურდა 17 წლის სტიქაროსნის ბაბუას. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ვირუსი მთელ ოჯახს ჰქონდა. მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა და იგუდებოდა, ამიტომაც სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფომ  დააგვიანა და არ მოდიოდა. ოჯახს უთხრეს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, თუმცა მოხუცი ძალიან ცუდად გახდა, ფაქტობრივად, იგუდებოდა, ამიტომაც ოჯახმა საავადმყოფოში მისი გადაყვანა ტაქსით სცადა. საბოლოოდ, სასწრაფო მოვიდა და ისევ მათ გადაიყვანეს. ოჯახი ეჭვობს, რომ მათიაინფიცირება ლიფტიდან მოხდა. ჩვენ ზემოთ, მეექვსე სართულზე ის ოჯახი ცხოვრობს, რომელთა წევრებიც ე.წ. რომანოვების კლასტერს წარმოადგენენ. ორი კვირის წინ მათ კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ისინი საავადმყოფოში ლიფტით ჩაიყვანეს. სწორედ მათი ინფიცირება აქედან მოხდა“, - ამბობს სტიქაროსნის მეზობელი „რეზონანსთან“. 


ინფექციონისტი გიორგი ლაბაძე კი „რეზონანსთან“ განმარტავს, რომ კორონავირუსი გავრცელდა და ვრცელდება წვეთოვანი ინფექციით. ინფექციონისტის თქმით, ზოგადად კორონავირუსი არის საკმაოდ გამძლე ვირუსი. ალუმინის ზედაპირზე 21 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში 8 საათს ძლებს, რკინის ზედაპირზე - 48 საათს, ქაღალდზე - 4-5 დღე, შუშაზე - 5 დღე, +4 გრადუსიდან მინუს ტემპერატურამდე კი თავის ინფექციურ თვისებებს ეს ვირუსი ინარჩუნებს 28 დღის განმავლობაში.   


„კორნავირუსი საკმაოდ გამძლეა,  თუ ხელი არ დაიბანეთ წესიერად, ვირუსი რჩება. არის ვარაუდი, რომ ჩინეთში ვირუსის ასე მასობრივი გავრცელება სწორედ საზოგადოებრივი ტუალეტების მოხმარებამ გამოიწვია. ასევე,  ვირუსის დიდი გადამტანი მობილურებია. მის ეკრანზე ის საკმაოდ დიდხანს ძლებს.  საკმარისია, ხელი არასწორად და არასაკმარისად დაიბანოთ, შემდეგ შეიმშრალოთ პირსახოცზე - ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გავრცელდება. საშიშია რკინა, სადაც კორონავირუსი 48 საათი ძლებს. ფული ასევე დიდი რისკის შემცველია, რადგანაც მასზე 4-5 დღე ცოცხლობს.  მოსახლეობას ვურჩევ, მოერიდონ შუშებს, მასზე კორონავირუსი 5 დღე არსებობს“, - ამბობს ინფექციონისტი „რეზონანსთან“. 


მისივე თქმით, კორონავირუსი მეტად საშიშია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვთ კარდიოვასკულარული დაავადებები, ასევე - ასთმა, ფილტვის პათოლოგიები. ინფექციონისტი ამბობს, რომ კორონავირუსი, პირველ რიგში, მათ აზიანებს. რაც შეეხება ნიღბების ტარებას, ლაბაძის თქმით,  ეს იმ ადამიანებმა  უნდა გაიკეთონ, ვინც თავად ამ  ვირუსის მატარებელნი არიან. სხვაგვარად ნიღაბი ვირუსისგან ნაკლებად გვიცავს, თუ ის სამედიცინო პირბადე არ არის.  


„კორონავირუსი დახურულ, კონდიცირებად სივრცეში, სულ მცირე, 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება. აღნიშნულს ცხადყოფს ჩინელი ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა. ჩინელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს შეუძლია, რამდენიმე დღე  გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა. ამავდროულად, დრო, რომლის განმავლობაშიც ინფექცია არსებობას განაგრძობს ზედაპირზე, დამოკიდებულია ტემპერატურასა და მასალის სახეობაზე“,- ამბობს ინფექციონისტი.


წყარო