როგორ დაიკარგა ცნობილი ნაგაზი "ები“ – გზა ავლაბრიდან ხაშურამდე

  • 8 აპრილი 19:29

სოციალური ქსელის მომხმარებელმა, გიორგი პაპასკირმა მისი ძაღლი სახელად „ები“ რამდენიმე დღის წინ დაკარგა. ძაღლის დაკარგვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გიორგის პოსტი უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

შეიძლება ითქვას, რომ ძაღლს მთელი სოციალური ქსელი აქტიურად ეძებდა.


ძაღლის გაუჩინარების ისტორია რიყის პარკიდან იწყება, სადაც ები სასეირნოდ ჰყავდათ გაყვანილი და მისი ყურადღება კატამ მიიქცია.


ები პატრონის თვალთახედვის არეალიდან გაქრა. როდესაც ძაღლმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, ის უცხო მამაკაცმა შენიშნა.


მოგვიანებით მან ძაღლის პატრონს უამბო, რომ ები დაბნეული იყო და მანქანებს უვარდებოდა, რის შემდეგაც ძაღლის წაყვანა გადაწყვიტა.


"ხაშურში ები კურორტზე წავიდა, ალბათ, რა ვიცი (ვხუმრობ)… ები წამოვიდა რიყიდან, გამოეკიდა კატას და როდესაც ის დაიმალა, ებიმ გადაწყვიტა სახლში წამოსვლა იმის მაგივრად, რომ უკან დაბრუნებულიყო.


მოვიდა სახლამდე და აქ შეხვდა ერთ-ერთ პიროვნებას, ვინც წაიყვანა შემდეგ. როგორც მან მითხრა, ები იყო დაბნეული, შეშინებული, ჩაწითლებული თვალებით და მანქანებს უვარდებოდაო.


მოვკიდე ხელი და წავიყვანეო. რომ ვკითხე – რატომ არ მოიკითხა ძაღლი ვისი იყო, ან პოლიციას რატომ არ მიმართეთ-თქო, მიპასუხა ხდება ხოლმე ასეო…


1000 ლარი არ გამომართვა, არ მიმიცია ამ კაცისთვის ეს ფული. არ მქონდა და რას მივცემდი. არის დამნაშავე თუ არა, არ მინდა რომ ამ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოთ ან რამე. მთავარია, რომ ახლა ძაღლი ჩემთანაა“ – აცხადებს გიორგი პაპკიაური.