ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: სავარაუდოდ, კორონავირუსით საქართველოს მოსახლეობის 30% ინფიცირდება

  • 8 აპრილი 18:43

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლო რიცხვებიდან დაიწყება. როგორც ექიმმა „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, COVID 19-ით ქვეყნის მოსახლეობის 30% დაავადდება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი.


მისივე თქმით, ვირუსის არიდების ყველაზე ეფექტიანი ხერხი სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკაა.


„როგორც იქნა, მოხდა განხილვა იმისი, რომ ჩატარდეს სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკა, რასაც ექიმები ამდენხანს ვითხოვდით და ამირან გამყრელიძემაც გააჟღერა. მაგალითად, ყელცხვირნაცხით დიაგნოსტიკა მასობრივი კვლევისთვის არის ეფექტური. PC ტესტით შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხდეს დიაგნოსტიკა იმ ადამიანის, რომელსაც დღეების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება. ასევე, ანტისხეულებით დიაგნოსტიკაც შეიძლება ინდივიდისთვის არ იყოს ეფექტური“,- აცხადებს ექიმი.


საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 48 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.