მამა შალვა: საფლავზე გასვლის პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ადამიანი წესებს დაიცავს

  • 8 აპრილი 16:56

სააღდგომოდ საფლავზე გასვლის პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ადამიანი წესებს დაიცავს, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სასაფლაოზე გასულმა ადამიანმა აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვას.


„საფლავებზე სუფრები რომ იშლება ეს საეკლესიო ტრადიცია საერთოდ არ არის. პირიქით, ღვთისთვის მიუღებელია, რომ ადამიანები იქიდან მთვრალები გამოდიოდნენ.


მიცვალებულისთვის პატივისცემა ლოცვითაც გამოიხატება. სასაფლაოზე ღრეობა არაფრით არ შეიძლება. სუფრა იქ არ უნდა გაიშალოს. ქრისტიანი ადამიანისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია.


ზოგადად, აღდგომის დღესასწაულზე და ისეც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. შეიძლება ადამიანი საფლავზე გავიდეს, მეგობარი დაინახოს და შორიდან მიესალომოს, დისტანცია დაიცვას.


წესების დაცვით ჩვენ გავდივართ მარკეტში, დავდივართ ქუჩაში. ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ პანდემიაა,“ – განუცხადა მამა შალვამ „პრაიმტაიმს“.


შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევა დადასტურებულია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე.


მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.


წყარო