რამდენი ტესტი აქვს საქართველოს CoViD-19-ის გამოსავლენად

  • 8 აპრილი 16:27

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ტესტების რაოდენობას ასახელებს, რაც ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გამოვლენისთვის არსებობს.

როგორც იგი ამბობს, ამ ეტაპისთვის საქართველოში 2 000 ოქროს სტანდარტის PCR და 2 000 სწრაფი ტესტია.


„ამ ეტაპისთვის საქართველოში გვაქვს 2 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, დამატებით კიდევ შემოსულია 10 000 ტესტი, ხოლო გზაში არის 18 000 ტესტი. შეკვეთის საერთო რაოდენობა არის 80 ათასი ტესტი.


გარდა ამისა, ადგილზე უკვე არის 4 000 ანტისხეულების ტესტი, გზაში არის 20 000 ტესტი. გაფორმებული ხელშეკრულებით, მათი საერთო რაოდენობა არის 24 ათასი.


რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი.


რაც შეეხება შეკვეთის საერთო რაოდენობას, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე.