"ისწავლეთ ჩვენს შეცდომებზე!“ – შეტყობინება უჰანიდან

  • 8 აპრილი 12:52

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.

ეპიდემიის დამარცხების შემდეგ უჰანელებმა თავიანთი გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტეს, იმისთვის, რომ დანარჩენმა მსოფლიომ იგივე შეცდომები არ დაუშვას, როგორც მათ.


BBC-ი ვიდეოს ავრცელებს, სადაც უჰანელები მსოფლიოს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.


„იმედი მაქვს, რომ ადამიანები უჰანისგან ბევრ რამეს ისწავლიან, რათა მომავალში იგივე შეცდომები არ დაუშვან და იმდენი მსხვერპლის გაღება არ მოუხდეთ, რამდენისაც ჩვენ მოგვიწია“.


„როცა გასულ თვეებს თვალს ვადევნებ, ვაანალიზებ, რომ ეს პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ პერიოდის მოგონებები ძვირფასი და თან ამავე დროს საშიშიცაა“.


„იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლით გავიხსენო, ვიტყოდი, რომ ქალაქმა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი გააკეთა. ყველა ადამიანი, ვინც სახლში რჩება, ამ ბრძოლას ძალიან ეხმარება“.


„უჰანი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ეპიდემიის დასაწყისში ძალიან გულგრილი ვიყავი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ქალაქის ჩაკეტვა აუცილებელი იყო.


მაგრამ მერე.. ქალაქში ისეთი შიში სუფევდა, რომ ღამე ძილს ვერ ვახერხებდი. ექიმები და მედდები საჭირო სამედიცინო აღჭურვილობას ითხოვდნენ.


პაციენტები ამბობდნენ, რომ საკმარისი საწოლები არ იყო, რის გამოც მათ მკურნალობას ვერ ახერხებდნენ. შემდეგ მარაგი მოიტანეს, ექიმები მოვიდნენ“.


ჟურნალისტის კითხვაზე – „როგორ გავუძლოთ კარანტინს“ – უჰანელებმა შემდეგნაირად უპასუხეს:


„ხშირად დაურეკეთ თქვენს ოჯახს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ეპიდემიის ეპიცენტრში არ ცხოვრობენ. ისინი ინერვიულებენ, თუ თქვენი მდგომარეობა არ ეცოდინებათ.


თქვენს პარტნიორთან კომუნიკაცია ხშირად გქონდეთ. რთულია, როცა წყვილებს თვეების განმავლობაში ყოველდღე ერთად 24 საათის გატარება უწევთ.


ამ დროს მათი უარყოფითი თვისებები ყველაზე მეტად იჩენს ხოლმე თავს. არ იკამათოთ, თუ პრობლემებთან პირისპირ მოგიწევთ შეხვედრა.


და კიდევ ერთი რამ – თუ თქვენ სახლიდან მუშაობთ. განაცალკევეთ თქვენი სამსახური და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან. თუ ასე არ მოიქცევით, ნამდვილად გაგიჟდებით“.


„გააკეთეთ ისეთი რამ, რისი გაკეთებისთვისაც დროც აქამდე ვერ გამონახეთ. იკითხეთ, უყურეთ ტელევიზორს, ითამაშეთ ვიდეო-თამაშები. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად“.


უჰანელები მსოფლიოს შემდეგ რჩევებს აძლევენ:


„რაც ახლა მსოფლიოში ხდება ძალიან ჰგავს იმას, რაც იანვარსა და თებერვალში უჰანში მოხდა. მე ვხვდები ახლა რამდენად სასოწარკვეთილად შეიძლება გრძნობდეს ხალხი თავს.


თუ თქვენ დეპრესია გაქვთ ან გაბრაზებული ხართ, იცოდეთ, ეს ამ დროს სრულიად ბუნებრივია.


გახსოვდეთ, რომ ეს კარანტინი თქვენი თავისუფლების მოსპობას არ ისახავს მიზნად. ეს დაავადებასთან ბრძოლის მეთოდია. ეს იმისთვისაა, რომ თქვენი თავისუფლება რაც შეიძლება მალე ისევ დაიბრუნოთ“.


„ისწავლეთ ჩვენი შეცდომებისგან. როცა მსოფლიო პანდემიას დაამარცხებს ჩვენ უკეთ ვიქნებით“.