გაძვირდება თუ არა საქართველოში პური

  • 7 აპრილი 20:35

მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის ფასის მცირე ზრდა დაფიქსირდა, საქართველოში პური არ გაძვირდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ხორბლის ფასის მცირე ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა“,- აღნიშნა მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, სამთავრობო გუნდის წევრებს პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა.


ლევან დავითაშვილის განმარტებით, მან ბიზნესის მხრიდან სოლიდარობა დაინახა, რაც პირდაპირ ფულად დახმარებასა და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში გამოიხატება, რის გამოც მინისტრმა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულების მიმართ პრინციპული დარჩება.


„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ პროცესს ვადევნებთ თვალ-ყურს. გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.