საიდან გაჩნდა კორონავირუსი?

  • 6 აპრილი 13:44

ინფექციური დაავადებების ბევრი წყარო ცხოველია. თუმცა იშვიათად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანზე მათი გავრცელების მთავარი მიზეზი ცხოველთა ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს განადგურებაა.

შეიძლებოდა ეს პანგოლინი ყოფილიყო? ღამურა? ან იქნებ გველი? მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმ გარეული ცხოველის იდენტიფიცირებაში, რომელმაც კორონავირუსი, ოფიციალურად Sars -CoV- 2 მოგვიტანა.


ვირუსის გამო, რომელიც Covid 19 – ად წოდებულ დაავადებას იწვევს, ჩინეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი კარანტინში, ან ჩაკეტილ ზონებში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ცხოვრობს. ბუნებრივია დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსის წარმომავლობის დადგენას. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ჩვენს ასეთ დაუცველობას პანდემიების წინაშე უფრო ღრმა მიზეზი აქვს: ბუნებრივი სასიცოცხლო სივრცეების სულ უფრო მზარდი განადგურება.


1940 წლიდან მოყოლებული ავადმყოფობის ასობით ისეთი გამომწვევი გაჩნდა, ზოგი მათგანი გამეორებითაც, რომელთა ნაწილი მანამდე არასოდეს დაფიქსირებულა. ესაა მაგალითად შიდსი (HIV), ებოლა (Ebola) დასავლეთ აფრიკაში, ციკავირუსი (Zikavirus) ამერიკის კონტინენტზე და კორონავირუსის სხადასხვა სახეობები. მათი უმრავლესობა, დაახლოებით 60%, ცხოველებისგან მოდის. ზოგი მათგანი შინაური ცხოველებისგან ვრცელდება,მაგრამ მათი უმრავლესობა, 2/3 გარეული ცხოველებში გვხვდება.


ცხოველებს ამაში ბრალი არ მიუძღვით. მცდარია შეხედულება, რომ გარეული ცხოველები არიან დამნაშავე გამანადგურებელი ეპიდემიების გავრცელებაში, რადგან ისინი ინფიცირებული არიან მომაკვდინებელი მიკრობებით, რომლებიც ადვილად გადაეცემა ადამიანს. სინამდვილეში მიკრობების უდიდესი ნაწილი მართლაც გარეულ ცხოველებში ბინადრობს, ისე რომ მათ მინიმალურ ზიანსაც არ აყენებს. პრობლემა სხვაგანაა: ტყეების მასიური გაჩეხვისა და მასიური ურბანიზაციის პირობებში ჩვენ ამ მიკრობებს გზა გავუხსენით ადამიანის ორგანიზმისკენ და მასზე მორგებისაკენ.


ღამურების ნერწყვი ხეხილის ბაღებში


ბუნებრივი სასიცოცხლო გარემოს განადგურება ბევრ სახეობას გადაშენებით ემუქრება. მათ შორის არიან სამკურნალო მცენარეები და ცხოველები, რომელთაც ჩვენს სამედიცინო წიგნებში უხსოვარი დროიდან თავისი ადგილი ეკავათ. გადარჩენილ სახეობებს ისღა დარჩენიათ, იმ პატარა ტერიტორიებზე იცხოვრონ, რომელიც მათ ადამიანმა საარსებოდ დაუტოვა.


ამის გამო იზრდება იმის ალბათობა, რომ ისინი ახლო კონტაქტში შევიდნენ ადამიანებთან და რომ მიკრობები, რომელთა მატარებლებიც ისინი არიან, ჩვენს ორგანიზმში მოხვდნენ და მომაკვდინებელი ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზად იქცნენ.


ამის კარგი მაგალითია ებოლა. ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზად ღამურების სხვადასხვა სახეობები იქნა იდენტიფიცირებული. 2017 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ვირუსის აფეთქება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის იმ რეგიონებზე მოდის, სადაც მანამდე ცოტა ხნით ადრე მასიურად გაიჩეხა ტყეები. როდესაც იჭრება ხეები, რომლებზეც ღამურები ცხოვრობდნენ, ისინი იძულებული ხდებიან ბინა დაიდონ ჩვენს ხეხილის ბაღებსა და ფერმებში.


რა ხდება ამის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია: ადამიანი კბეჩს ხილს, რომელსაც ღამურა შეეხო. ან ვიღაცა კლავს ღამურას, რომელიც მის სახლში შეფრინდა და ამგვარად კონტაქტში შედის მიკრობებთან. ამ გზით გადადის ღამურისთვის უწყინარი ვირუსი ადამიანის პოპულაციაზე. ასეთი იყო ებოლა (Ebola), ნიპავირუსის (Nipahvirus ) -ძირითადად მალაიზიასა და ბანგლადეშში და მარბურგის ვირუსის (Marburgvirus) აღმოსავლეთი აფრიკა.


როდესაც „სახეობათა შორის არსებული საზღვარი“ ხშირად ირღვევა, ცხოველის ორგანიზმში დაბუდებულ მიკრობებს ეძლევათ შესაძლებლობა შეაღწიონ ადამიანის სხეულში და მოერგონ მას. ამასთან ისე განვითარდნენ, რომ ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზად იქცნენ.


ურთიერთკავშირი ეპიდემიების აფეთქებასა და ტყეების მასიურ გაჩეხვას შორის კოღოების მიერ გავრცელებული დაავადებების შემთხვევაშიც იქნა დადგენილი, იმ განსხვავებით, რომ აქ საქმე გვქონდა არა იმდენად სასიცოცხლო გარემოს განადგურებასთან, რამდენადაც მის სახეცვლილებასთან.


ხეების განადგურებასთან ერთად იკარგება ჩამოცვენილი ფოთლების ფენა მიწის ზედაპირზე და ხის ფესვები. წყალი და სედიმენტები ადვილად აღწევენ დაუცველ და მზისგან გამომშრალ ნიადაგზე და ჩნდება გუბეები, რომლებშიც კოღოები მრავლდებიან. 12 ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანისთვის საშიში დაავადებების გადამტანი კოღოების რაოდენობა ორჯერ უფრო მეტად იმ რეგიონებში შეინიშნება, სადაც ტყეები მასიურად გაიჩეხა, ვიდრე იქ, სადაც ტყის ბუნებრივი საფარი ჯერ კიდევ არსებობს.


Wet market და მისი საფრთხეები


სასიცოცხლო გარემოს განადგურება სხვადასხვა სახეობების პოპულაციის სიდიდესაც ცვლის. ეს კი თავისთავად შეიძლება ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობების გავრცელების მიზეზი გახდეს. მაგალითად დასავლეთ ნილოსის ვირუსი გადამფრენ ფრინველებს გადააქვთ. ბუნებრივი გარემოს შემცირებისა და ზოგი სხვა ფაქტორის გამო მათი რაოდენობა ჩრდილო ამერიკაში ბოლო 50 წელიწადში ერთი მეოთხედით შემცირდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა სახეობას სხვადასხვანაირი მონაცემი აქვს.


გარკვეული სასიცოცხლო გარემოში მობინადრე ე.წ. სპეციალისტები მაგ. კოდალა, უფრო მეტად ზარალდება ამ პროცესში, ვიდრე ე.წ. გენერალისტები, მაგ. ყვავი, რომელიც ბაქტერიების განსაკუთრებით კარგი გადამტანია. ამიტომ ვირუსი ამ ფრინველებში ძალიან არის გავრცელებული. შესაბამისად დიდია ალბათობა, რომ კოღო ჯერ ინფიცირებულ ფრინველს უკბენს და შემდეგ ადამიანს.


იგივე შეიძლება ითქვას დაავადებებზე, რომლებიც ტკიპას გადააქვს. ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქალაქები სულ უფრო ღრმად იჭრებიან ტყის ზონაში, ისეთი ცხოველები, როგორიცაა ოპოსუმი, რომელიც ტკიპების რაოდენობას აკონტროლებს, იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი გარემო. ამავე დროს სხვა სახეობები, მაგალითად ირმები და თეთრფეხა თაგვები მრავლდებიან. ამგვარად ტკიპების მიერ გადატანილი დაავადებები, მაგალითად Lyme – Borreliose , რომელიც აშშ ში პირველად 1975 წელს გაჩნდა, უფრო ადვილად ვრცელდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 7 ახალი ტიპის, დაავადების გამომწვევი მიკრობის იდენტიფიცირება, რომლებიც ტკიპებს გადააქვთ.


დავადებების აფეთქების მიზეზი მხოლოდ სასიცოცხლო გარემოს დაკარგვა არაა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, როგორ ვეპყრობით ჩვენ ცხოველებს, რომლებსაც საკვებად ვიყენებთ. ბევრი მათგანი არალეგალური ვაჭრობის ობიექტია, ან ე.წ. Wet market-ებზე იყიდება. ეს უკანასკნელი არის ბაზარი, სადაც ცოცხალი, ან ახლად დაკლული ცხოველის ყიდვა შეიძლება. ასეთ ბაზრებზე ათასნაირი ცხოველით ვაჭრობენ, ისეთებითაც, რომელთაც ვერასოდეს შეხვდებოდით ველურ ბუნებაში. ისინი გალიებში, ერთმანეთთან ახლოს ჰყავთ მოთავსებული და მიკრობები თავისუფლად გადადიან ერთიდან მეორეზე. სწორედ ასე მივიღეთ 2002 -2003 წლებში სუნთქვის მწვავე უკმარისობაზე პასუხისმგებელი Sars ეპიდემია, რომელიც შესაძლოა ახალი კორონავირუსის წინამორბედად ჩაითვალოს.


ცხოველთა ექსკრემენტები სასმელ წყალსა და საკვებ პროდუქტებში


თანამედროვე ხორცის წარმოების ინდუსტრიისათვის დამახასიათებელია, რომ დიდი რაოდენობის ცხოველი ერთ, ძალიან პატარა სივრცეში, ერთმანეთთან მჭიდროდ არის მოთავსებული. ამგვარად იქმნება იდეალური პირობები მიკრობებისთვის, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამომწვევებად ჩამოყალიბდნენ. როცა მაგალითად ფრინველის გრიპის ვირუსი, რომლის მატარებელიც ძირითადად გარეული ფრინველებია, შინაური ფრინველის ფერმაში აღწევს, მუტაციის შედეგად ისინი ბევრად უფრო საშიში ხდებიან, ვიდრე ველურ ბუნებაში.


ეს პროცესი იმდენად მარტივია, რომ მისი ლაბორატორიულ პირობებში რეპროდუცირება შეიძლება. ინფლუენცა A H5N1 ვირუსის ერთ შტამს ადამიანის ინფიცირება შეუძლია. ინფიცირებული ცხოველების 50% კვდება. 2014 წელს ჩრდილო ამერიკაში იძულებული გახდნენ მილიონობით შინაური ფრინველი გაენადგურებინათ, რათა შეეჩერებინათ ინფლუენცა A ვირუსის მსგავსი ვარიანტის გავრცელება.


ექსკრემენტების მთები, რომელსაც შინაური ცხოველები გამოყოფენ, ასევე ქმნიან ცხოველის მიკრობებით ადამიანის ინფიცირებისათვის ხელსაყრელ პირობებს. მიზეზი იმაშია, რომ გაცილებით მეტი ექსკრემენტები გროვდება, ვიდრე მათი სასუქად გამოყენება შეიძლება სოფლის მეურნეობაში. თუ ისინი სპეციალურად იზოლირებულ ორმოებში არ მოთავსდა, მათში იდეალური პირობები იქმნება ენტეროჰემორაგიული Escherichia coli – ს გამრავლებისათვის.


ამერიკის ფერმებში ცხოველთა ნახევარზე მეტი ამ მიკრობითაა ინფიცირებული, მაგრამ ბაქტერია მათ ზიანს არ აყენებს. ადამიანებში კოლიბაქტერიის ეს სახეობები (როგორიცაა მაგ. Echec),რომლებიც ბუნებრივად ადამიანის კუჭნაწლავში არ ბინადრობს, იწვევს სისხლიან ფაღარათს, სიცხეს და ზოგ შემთვევაში თირკმლის მწვავე უკმარისობასაც . იმის გამო, რომ ცხოველთა გამონაყოფი არც თუ იშვიათად სასმელ წყალსა და საკვებ პროდუქტებში ხვდება, მხოლოდ აშშ -ში მაგალითად წლიურად 90 000 ადამიანი ავადდება.


წითელა ძროხებში, გრიპი იხვებში


დღეისათვის სულ უფრო ხშირად ხდება, რომ მუტაციის შედეგად მიკრობები ცხოველიდან ადამიანზე გადადიან, თუმცა ეს ფენომენი ახალი არაა. პირველად ეს მოვლენა დაფიქსირდა ნეოლითური რევოლუციის პერიოდში, როცა ადამიანმა პირველად დაიწყო გარეული ცხოველების სასიცოცხლო გარემოს განადგურება, რათა სახნავი მიწები გამოეთავისუფლებინა და ცხოველები მოეშინაურებინა. ამის პასუხად ცხოველებმა რამდენიმე შხამიანი საჩუქარი გაგვიკეთეს: წითელას და ტუბერკულოზს ძროხებს უნდა ვუმადლოდეთ, ყივანახველას ღორებს და გრიპს – იხვებს.


ეს პროცესი კოლონიალური ექსპანსიის დროსაც გაგრძელდა. კონგოში ბელგიელმა კოლონიზატორებმა რკინიგზის და ქალაქების მშენებლობა დაიწყეს. ამით მათ ხელი შეუწყეს ე.წ. ლენტივირუსის (Lentivirus), რომლითაც ადგილობრივი მაკაკები იყვნენ ინფიცირებული, მუტაციას და მათ ადამიანის ორგანიზმზე მორგებას.


ბანგლადეშში ბრიტანელებმა გაჩეხეს მანგროვეს უზარმაზარი ტყეები სუნდარბანში, რომ ბრინჯის პლანტაციები გაეშენებინათ. ამან ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის კონტაქტს მიკრობებთან, რომლებიც მტკნარი და მარილიანი წყლის ნაზავში ბინადრობდნენ. პანდემიებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ კოლონიალიზმის ეპოქაში, დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა. მაკაკების ლენტივირუსისგან მივიღეთ HIV. სუნდარბანის წყლის ბაქტერია ქოლერის სახელითაა ცნობილი და დღემდე ის 7 პანდემიის მიზეზი გახდა.


საბედნიეროდ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ამ მოვლენები პასიური მსხვერპლი. ჩვენც შეგვიძლია ბევრი გავაკეთოთ, რათა ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებით დაავადების რისკი შევამციროთ – მაგალითად დავიცვათ გარეული ცხოველების საარსებო სივრცეები, რათა მათი მიკრობები ჩვენზე არ გადმოვიდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივა One Health, სწორედ ამას ისახავს მიზნად.


ჩვენ შეგვიძლია საგულდაგულოდ დავაკვირდეთ იმ გარემოებებს, სადაც ცხოველთა მიკრობები ადვილად განიცდიან მუტაციას და საშიში ხდებიან ადამიანებისთვის. უნდა ვეცადოთ იმ მიკრობების ელიმინაცია, რომლებთანაც შეინიშნება ადამიანის ორგანიზმზე მორგების ნიშნები, მანამ, სანამ ეპიდემია დაიწყება.სწორედ ამიტომ უკვე 10 წელია მუშაობს ამაზე პროგრამა Predict, რომელიც აშშ-ს განვითარების და თანამშრომლობის სახელმწიფო ორგანოს (USAID) მიერ ფინანსდება.


პოლიტიკის ვალდებულება


Predict – ის მეცნიერებმა უკვე 900 ზე მეტი ახალი ტიპის ვირუსის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელთა წარმოშობა მჭიდრო კავშირშია დედამიწის დიდ რეგიონებში ადმიანის ჩარევის გამო დატოვებულ კვალზე. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან აგრეთვე დღემდე უცნობი კორონავირუსის შტამები, რომლებიც ძალიან გვანან Sars -ვირუსს.


დღეს ახალი პანდემიის საფრთხე გვემუქრება. ამის მიზეზი არაა მხოლოდ Sars-Cov-2. ტრამპის მთავრობის მისწრაფება, გაათავისუფლოს ინდუსტრია გარემოს დაცვის ვალდებულებებისგან და სხვა შეზღუდვებისაგან, აუცილებლად მიიყვანს აშშ-ს იქამდე, რომ სულ უფრო მეტი სასიცოცხლო სივრცეები განადგურდება. ეს უკანასკნელი კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ცხოველთა მიკრობების ადამიანზე გადატანას.


პარალელურად აშშ-ს მთავრობა ამცირებს შანსებს, რომ აღმოვაჩინოთ სახიფათო მიკრობების კვალი, მანამ, სანამ ისინი გავრცელდებოდნენ. 2019 წლის ოქტომბერში მან გამოაცხადა პროგრამა Predict-ის დახურვის შესახებ. 2020 წლის თებერვალში კი 53% ით შეამცირა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი გადასახადი.


ეპიდემიოლოგმა Larry Brilliant ერთხელ თქვა: „ვირუსების აფეთქება გარდაუვალია, პანდემიების თავიდან აცილება კი შესაძლებელი“.


მაგრამ პანდემიებს თავიდან აცილება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკის შეცვლაზეც ისეთივე აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც ეს ბუნებისა და ცხოველთა სიცოცხლეში ჩარევისას გავაკეთეთ.


წყარო