სიკეთის ტაქსი, რომელიც ხალხის ფულით მოძრაობს

  • 5 აპრილი 15:19

„სიკეთის ტაქსი, რომელიც ხალხის ფულით მოძრაობს” – სურამელმა მეგობრებმა, რეზი გელაშვილმა და გურამ ბლიაძემ გადაწყვიტეს, საკუთარი ავტომანქანებით უფასოდ მოემსახურონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთა სამსახურიც კრიტიკული მნიშვნელობის გამო არ გაჩერებულა.

ისინი სურამიდან ხაშურში დადიან სამუშაოდ. იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა.


მოხალისე მძღოლებს მათი მეგობარი თამუნა ზარიძეც შეუერთდა, რომელიც თბილისიდან დროებით სურამში, საკუთარ აგარაკზე გადასახლდა. საკუთარი სახსრებით ყოველ დღე საწვავის ყიდვას ვერ შეძლებდნენ და გადაწყვიტეს, დახმარება მოქალაქეებისთვის ეთხოვათ.


საკუთარი ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და შედეგმაც არ დააყოვნა. შეგროვილი თანხა სურამი-ხაშურის ყოველდღიური უფასო მარშრუტის საწვავსაც ეყო და საკვებ პროდუქტსაც, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს.


მეგობრები აპირებენ მანამდე დაეხმარონ მოქალაქეებს, სანამ საწვავის და პროდუქტების ყიდვას შეძლებენ. რეზო გელაშვილი და გურამ ბლიაძე ბავშვობის მეგობრები არიან, რეზი ქართული ცეკვის პედაგოგია და საკუთარი ანსამბლი აქვს სურამში და ხაშურში. გურამი – ქვიშხეთის გვირაბის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, სადაც კორონავირუსის საფრთხის გამო მუშაობა დროებით შეჩერდა.