გახარია: რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა

  • 4 აპრილი 14:51

"გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და იქ ახალი ვერაფერი ვნახე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა.


"პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


2019 წლის 20 და 21 ივნისს, საპროტესტო გამოსვლები და დარბევა, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.


თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო "რედისონთან" დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. 


აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. 


საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.