გაბათილდება თუ არა თადუმაძის გადაწყვეტილებები, იმ შემთხვევაში თუ მისი დიპლომი ყალბია?

  • primetime.ge
  • 9 ოქტომბერი 20:55

შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აკეთებს. მისი თქმით, დიპლომზე მნიშვნელოვანი უმწიკვლო რეპუტაციაა.

- ძალიან რთული საკითხია. თუ თადუმაძის დიპლომი ყალბი აღმოჩნდება, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იქნება შესაბამისობაში სამართლიან გადაწყვეტილებასთან. თუმცა, მეეჭვება, დიპლომი ყალბი აღმოჩნდეს. დიდი ხანია, ეს თემა ტრიალებს, ასეთი პაექრობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, პირველი არ არის. ცუდი ისაა, რომ თადუმაძისადმი ნდობაა საკმაოდ შერყეული და ის ვერ იქნება მართლმსაჯულების მეტრი, ყველაზე რბილი შეფასება რომ გავაკეთოთ. არ მგონია, ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიაროს, რომ მისი დიპლომი ყალბია ან არ არის ყალბი.


- როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია  ასეთ მაღალ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს სახელმწიფო სასწავლებლის დიპლომი ჰქონდეთ?


- სახელმწიფო დიპლომი კი არა, ის არის აუცილებელი, რომ ასეთ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდეთ. ეს არის უმთავრესი. სწორედ ამას მიადგა ჩრდილი, სწორედ აქ გაჩნდა კითხვის ნიშნები, თორემ დანარჩენი, უკვე სხვა თემებია. გინდა, სახელმწიფო დიპლომი ჰქონდეს ადამიანს და გინდაც, 10 უცხოური დიპლომი, თუ მას საზოგადოებაში წესიერი, მაღალი ზნეობისა და ღირებულებების მატარებელი ადამიანის სახელი არ აქვს, რა აზრი აქვს? ისეთ თანამდებობაზე, რასაც გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰქვია, არ შეიძლება იყოს სხვანაირი პიროვნება, თუ გვინდა, რომ ოდესმე გამოვიდეთ ამ ქაოსიდან და ორომტრიალიდან, წესიერ ქვეყნად დავლაგდეთ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს ორიენტირი, იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის, საზოგადოებისთვის. მოსამართლეა ის! ეუბნებიან, რომ თუ ბიძინა ივანიშვილთან არ იქნებოდი, ვერ მოხვდებოდიო და როგორ გინდა თქვა, არაო? ვერ მოხვდებოდა! ამ დროს, როცა სასამართლოზეა ლაპარაკი, ეს უკვე პრობლემატურია. მნიშვნელობა განა იმას აქვს, ქაღალდზე ხარ თუ არა პარტიის წევრი. ზოგჯერ, უპარტიოები მეტ უბედურებას მართებენ ქვეყანას, ვიდრე - პარტიის წევრები.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge