დათო ლიკლიკაძე: “შვილთან ვალში ვარ, კაცად მაქცია”

  • სარკე
  • 9 ოქტომბერი 16:12

“სულ ვოცნებობდი, ასეთი სურათი მქონოდა და მეც მაქვს”, – დაწერა ქუთაისელმა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ “ფეისბუქში” და შვილთან, პატარა ეველინთან, ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა

ის აქტიური მამაა და ეველინიც მამიკოს გოგოა. დათო ყველა ეტაპს შვილთან ერთად გადის და არა მარტო ახლა, მაშინაც, როცა მისი გოგონა ჯერ კიდევ დედიკოს მუცელში იყო. ძალიან უჭირს, 


როცა შვილს ტოვებს და უცხოეთში მიემგზავრება, არადა ეს ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად უწევს, რადგან ახალი პროფესიაც შეიძინა – გიდი გახდა.


– დათო, სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სელექციური აბორტები დიდი პრობლემაა, ჯერ კიდევ აქტუალურია მოსაზრება – აუცილებელია გვარის გამგრძელებელი ანუ ვაჟი და ა.შ. როგორც გოგოს მამა, რას იტყვით ამაზე?


– მე გოგოს მამა ვარ და ძალიან ვამაყობ ამით. უბრალოდ არ მესმის ის იდიოტური ხუმრობები, როცა კაცები ყვებიან, სამშობიაროში დავტოვებ, გოგო რომ იყოს, ორი გოგო მყავს და კიდევ ერთი გოგოო… შეიძლება დავტოვო ის საზოგადოება ან სუფრა, სადაც ასე ლაპარაკობენ. მძულს ასეთი უწიგნური ხუმრობები! იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როცა გოგონა გყავს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ამ საჩუქრით დამაჯილდოვა.


ჩემი გოგონა, ეველინი სანამ დაიბადებოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ვატარე მუცლით ცხრა თვე, არ ვხუმრობ, აი, ასე, მთელი ცხრა თვე აბსოლუტურად ყველაფერი გავიარე, რაც ჩემმა მეუღლემ. ფეხმძიმე ცოლი ერთი წუთითაც არ მიმიტოვებია. მერე მეც ჩვეულებრივად ვიმშობიარე ზუსტად ისეთი ტკივილებით, როგორიც ჩემს მეუღლეს ჰქონდა.


– სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ხშირად ახერხებთ შვილთან ერთად სეირნობას?


– როცა ქუთაისში ვარ, გამორიცხულია, ვინმე შემეხიდოს. ცხოვრება ისე სწრაფად გარბის, ოჯახიც გვიან ასაკში შევქმენი და… ადრე, როცა თავისუფალი დრო მქონდა, გავვარდებოდი მეგობრებში საქეიფოდ ან “ჯოკერის” სათამაშოდ. ახლა ნახევარი საათიც რომ გამომიჩნდეს თავისუფალი, სახლში გავრბივარ. ჩემი სახლი ასეთი საყვარელი არასოდეს ყოფილა. რაც ეველინი დაიბადა, გარეთ გასვლა არ მინდა ან, თუ გავალ, ბავშვთან ერთად.


– ამიტომაც ამბობენ, მშობლების ამაგს შვილები ვერასოდეს გადაიხდიანო…


– რა ამაგი უნდა გადაიხადოს ჩემმა შვილმა?! განა გადახდილი არ აქვს უკვე? იქით ვარ ვალში – მამად მაქცია, კაცად მაქცია, ადამიანად მაქცია, მთლიანად ამოაყირავა ჩემი თითქოს საინტერესო ცხოვრება. აქამდე რაც მიცხოვრია, თურმე ყველაფერი სისულელე ყოფილა. ვის რად უნდა ჩემი გადაცემები, ინტერვიუები, ჩემი სპექტაკლები, აფიშები?! მე თვითონ არ მინდა და ვინ მოიკითხავს სხვა?! შვილი ყოფილა ყველაფერი!


ერთხელ დაღლილი ჩამოვედი რომელიღაც ქვეყნიდან და პირდაპირ სავარძელში ჩამთვლიმა. ეველინი მომეპარა და მაკოცა. თვალები რომ გავახილე, შერცხვა და დაიმალა. ხალხო, მარტო ამ წამისთვის არ ღირდა ცხოვრება?! მარტო ამ ეპიზოდით არ აქვს გადახდილი სამაგიერო? ასე რომ, შვილები ჩვენთან ვალში არ არიან. ეველინს არაფერი ჰმართებს ჩემი, ამით მე მამაჩემის ვალს ვაბრუნებ და არა – ჩემი შვილის. ისინი, ვისაც მამები აღარ გვყავს, ყველაზე ზუსტად მიხვდებიან, რა ვალსაც ვგულისხმობ.


– ხშირად გიწევთ საზღვარგარეთ წასვლა. როგორი რეაქცია აქვს ბავშვს, როცა რამდენიმე დღის უნახავ მამას ხედავს?


– ეს ისეთი მონატრებაა, სულის სიღრმემდე რომ შეგძრავს, ერთი სული რომ გაქვს, აეროპორტიდან სახლში გაქანდე. რაც ეველინი დაიბადა, მას შემდეგ მოგზაურობას გემო ვერ ჩავატანე. ახლახან მეუღლესთან ერთად 11 დღით ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას ვსტუმრობდი და ფინეთშიც ვიმოგზაურეთ. როცა ორივენი ვტოვებთ ეველინს, ეს შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია, რაღაცნაირი დანაშაულის შეგრძნებით ვმოგზაურობთ, თითქოს რამეს ვაშავებდეთ.


გვეგონა, სახლში რომ დავბრუნდებოდით, ჩვენს დანახვაზე სასწაულს ჩაიდენდა, მან კი საერთოდ არ მოგვაქცია ყურადღება. ბებიებს მიეკედლა და ძლივს მოგვეკარა. ასე რომ, ჯერ პატარაა და ჩვენ უფრო გვიჭირს მისი დატოვება, ვიდრე მას. შემდეგ ალბათ უფრო რთული იქნება.


 

წყარო: სარკე