საქართველოსგან განსხვავებით, რატომ აღმოჩნდა უძლური მსოფლიო კოვიდ-19-ის წინაშე

  • რეზონანსი
  • 2 აპრილი 18:28

სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინაშე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვვის უძლურობის მიზეზი გულგრილობა იყო. 

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უსუსური აღმოჩნდნენ ამ ვირუსის წინაშე, რადგან ბევრმა სახელმწიფომ მაღალი გავრცელების საშიშროების გამორიცხა.


"რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა მოწინავე და სხვებისთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდა. საქართველომ გაითვალისწინა ის მწარე გამოცდილება, რაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ განიცადა. ამასთან, მნიშნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინა.


ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა მსგავსი ვარიანტის ორი ვირუსი, მაგრამ გადამდებლობის მომენტი ბევრად ნაკლები ჰქონდა, თუმცაღა, ლეტალობის მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო.


იფიქრეს, რომ ესეც, როგორც ჩვეულებრივი გრიპი, გადაივლიდა. უგულებელჰყვეს გავრცელების საშიშროება. პატარა აფეთქებებს მშვენივრად გაუმკლავდებოდა ნებისმიერი ქვეყანა, მაგრამ ნებისმიერი დაავადება, რომელიც პანდემიის სახეს იღებს, მაგალითად ქოლერა, მისი მკურნალობა უმარტივესია, თუ ექიმმა იცის რას აკეთებს.


ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრმა გაითვალისწინა სხვების შეცდომები და ის ფაქტი, რომ ვითარება ჯერ კიდევ კონტროლს ექვემდებარება, სწორედ ამის ბრალია, - მთავრობამ პროფესიონალებს დაუჯერა. მათი რეკომენდაციებით აკეთებენ ყველაფერს და მაქსიმალურად გვერდში უდგანან. სწორედ ეს არ გააკეთეს სხვებმა. მაგალითად ჩინეთი აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა და საზღვრების გახსნას აპირებს. თითქოს კიდევ რაღაც გულგრილობას ვატყობ და უნდა ვთქვა, რომ დაავადებასთან თამაში არ შეიძლება", - აცხადებს ხმალაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

წყარო: რეზონანსი