რამდენით გაიზარდა სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა პანდემიის პერიოდში?

  • 2 აპრილი 17:55

როგორი მოთხოვნაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, რამდენი ჯგუფი მუშაობს ქვეყნის მასშტაბით და იგეგმება არის თუ არა ბრიგადების რიცხვის გაზრდა? - ამ კითხვებით "დაიჯესტმა" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მიმართა.

როგორც "დაიჯესტს" სასწრაფოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის თანამშრომელმა თაკო სარიშვილმა განუცხადა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 399 სამედიცინო დახმარების ეკიპაჟია ჩართული. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის გამოძახებების რიცხვი არ გაზრდილა.


"კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 399 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟია ჩართული. მათგან - 97 თბილისში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მოსახლეობის მიმართვიანობა ამ ეტაპისთვის არ არის გაზრდილი. გამოძახებებთან დაკავშირებით, ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ 112-ს. ქვეყნის მასშტაბით არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების რაოდენობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და გამოძახებათა რაოდენობის შესაბამისად, აბსოლუტურად საკმარისია", - განაცხადა თაკო სარიშვილმა.


როგორც სარიშვილმა აღნიშნა,  სასწრაფო სამედიციონო დახმარების ეკიპაჟი covid-19-თან დაკავშირებულ გამოძახებაზე სპეციალური აღჭურვილობით გადის.


"სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებს. 112-ში კორონავირუსული ინფექციის მოტივით გამოძახების დაფიქსირების დროს, შესაბამისი სამსახურები გამოძახებათა ფილტრაციასა და წინასწარ იდენტიფიკაციას ახდენენ. სპეციალისტები სხვადასხვა კრიტერიუმით და შესაბამისი პროტოკოლით აფასებენ, თუ რამდენად მიეკუთვნება შემოსული ზარი კორონავირუსის საეჭვო შემთხვევას, რის შემდგომაც, საჭიროებისამებრ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟი მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას პერსონალური დაცვის შესაბამისი აღჭურვილობით უწევს", - ამბობს თაკო სარიშვილი.


კითხვაზე - არის თუ არა პაციენტების მხრიდან გამოძახების დროს სიმპტომების დამალვის შემთხვევები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის  თანამშრომელი გვპასუხობს:


"პაციენტების მომსახურების დროს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ეპიდ-ანამნეზის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოიპოვებენ. შესაბამისად, სიმპტომების დამალვად განსაზღვრა დამოკიდებულებია პაციენტებზე, რამდენად სწორად მიაწოდებენ მედპერსონალს ინფორმაციას".


ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 ებერვალს დაფიქსირდა. ამ დრომდე ქვეყანაში 130 ინფიცირებულია გამოვლენილი. სპეციალისტების განმარტებით, დაავადების "აფეთქება" მისის გამოვლენიდან 7-8 კვირაშია მოსალოდნელი. შესაბამისად ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოწყობილია საველე ჰოსპიტალები და ცხელების ცენტრები.



ასევე საინტერესოა:


რატომ შეცვალეს ქართველმა ინფექციონისტებმა WHO-ს რეკომენდაციები


როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ბავშვებში


რატომ უნდა დავიბანოთ ხელები სასწრაფოდ?