ზაალ ანჯაფარიძე: ეს არის რეალურად საქმე, რასაც ელოდა მოსახლეობის ფინანსურად და სოციალურად ხელმოკლე ნაწილი

  • 1 აპრილი 14:27

„ეს არის რეალურად საქმე, ეს არის ის, რასაც ელოდა მოსახლეობის ფინანსურად და სოციალურად ხელმოკლე ნაწილი“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ დახმარება მათ მიიღონ, ვისაც სჭირდება და თუ ვინმეს აქვს საშუალება კომუნალური ხარჯები თავის ჯიბიდან დაფაროს, გამოიჩინოს სოლიდარობა:


„აი, ეს არის რეალურად საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ეს არის განსხვავება, რა იყო და რა გვაქვს. ეს არის ის, რასაც ელოდა მოსახლეობის ფინანსურად და სოციალურად ხელმოკლე ნაწილი და ისინიც ვინც, იმედია დროებით, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ახლა საჭიროა ზედმიწევნით გადარჩევა, რომ დახმარება სწორედ მათ მიიღონ, ვისაც სჭირდება და თუ ვინმეს აქვს საშუალება კომუნალური ხარჯები თავის ჯიბიდან დაფაროს, გამოიჩინოს სოლიდარობა და არ მიიღოს დახმარება, რომ უფრო შეჭირვებულთ მოხმარდეს“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.


ცნობისთვის, დღეს, პირველ აპრილს, საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება გადასახადები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.