სოფო ხაჭაპურიძე: “დათო ქაცარავა ჩემი საოცნებო ქმარია”

  • სარკე
  • 8 ოქტომბერი 15:32

ორ წელზე მეტია, სპორტსმენი და მსახიობი დათო ქაცარავა კომფორტულ, გლამურულ ცხოვრებას ჩამოშორდა და სათავეში ჩაუდგა ანტისაოკუპაციო მოძრაობას “ძალა ერთობაშია”.

მას შემდეგ საოკუპაციო ხაზთან უფრო მეტ დროს საველე პირობებში ატარებს, ვიდრე ოჯახურ სიმყუდროვეში. დათოს საზოგადოებრივი აქტიურობა მის ოჯახს ხშირად ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა მეუღლეს, სოფო ხაჭაპურიძეს, ამაზე საყვედური არასოდეს დასცდენია.


ცნობილი გამოთქმა, რომ ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას, იდეალურად შეესაბამება დათოსა და სოფოს ოჯახურ ცხოვრებას. სოფომ ოჯახური პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღო და ქმარს მაქსიმალურად აძლევს საშუალებას, იყოს იქ, სადაც საჭიროდ თვლის და საითაც გული მიუწევს. წყვილს სამი შვილი ჰყავს.


– სოფო, თითქმის ორი წელია, თქვენი მეუღლე საოკუპაციო ხაზთან პერმანენტულად პატრულირებს. ეს საზოგადოებრივი აქტიურობა როგორ აისახა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე?


– ორი წელი და ერთი თვეა ასეთ ექსტრემალურ პირობებში ვცხოვრობთ. დათოს უბრალოდ აღარ შეეძლო, მშვიდად მჯდარიყო სახლში და არაფერი ეკეთებინა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, ის გაეკეთებინა, რაც მშვიდობიანი გზით შეეძლო. მე თვითონაც ძალიან აქტიური ვარ და ოჯახური საქმეები მთლიანად გადმოვიბარე. ოჯახის წევრები ძალიან გვეხმარებიან ბევრ რამეში, პირველ რიგში, ჩემი და დათოს მშობლები. სწორედ ამის შედეგია, რომ ისეთ პირობებში, როდესაც დათო დღეები და კვირები საოკუპაციო ხაზთანაა, სამი შვილის გაზრდა არ მიჭირს.


ასეთი სირთულის გამო ბევრი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ოჯახი. პირველ რიგში, ფინანსური საკითხებია. გვაქვს ჯომარდობის ბიზნესი, მაგრამ ისიც სეზონურია და ფინანსურად არასტაბილურად ვგრძნობთ თავს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დათო აკეთებს.


მერე რა, რომ ხშირად ფიზიკურადაც გამჭირვებია ოჯახურ პრობლემებთან გამკლავება. ამ დიდ ბრძოლაში ჩემი მისია სწორედ ის არის, რომ ამ ყველაფერს გავუძლო და დათოსთვის მყარი ზურგი ვიყო.


ადრე შვილების ცხოვრებაში ძალიან იყო ჩართული, ახლა კი ბავშვებს მამა მუდმივად ენატრებათ. უკვე იმასაც გრძნობენ, რომ მამის საქმიანობა დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ვცდილობ, ამ შემთხვევაში სადავეები მე ავიღო ხელში და ყველა რთულ კითხვაზე პასუხი გავცე.


არასდროს დამავიწყდება ერთი მომენტი: ბავშვი იმ დროს მოვიდა სახლში, როცა ვტიროდი. მაშინვე მომვარდა და მკითხა, მამიკოს რა დაემართაო.


– რა იყო თქვენი ცრემლების მიზეზი?


– ალბათ ყველას გახსოვთ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, რუს ოკუპანტებს როცა პირდაპირ მიმართავდა. ძალიან ემოციური იყო იმ კადრების ხილვა, როცა შეიარაღებულ ოკუპანტებს სიტყვით მიმართავდა. ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ იარაღი გამოეყენებინათ. ძალიან მეშინია, მაგრამ ვიცი, დათოს სხვანაირად არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, მისი მეგობარი, თანამზრახველი და გუნდის წევრი ვარ.


დათოს გუნდის წევრებს ხშირად უთქვამთ, შენგან რომ ასეთი ხელშეწყობა არ ჰქონდეს, ძალიან გაუჭირდებოდა იმის გაკეთება, რასაც აკეთებსო. საყვედურებით და წუწუნით არასოდეს შემიწუხებია, მას მხარს ვუჭერ და ხელს ვუწყობ. ასე რომ არ იყოს, სხვანაირ დამოკიდებულებას დიდხანს ვერ დავმალავდით. მეც აქტიურად ვარ ჩართული დათოს საქმიანობაში, პირველი მე მიზიარებს თავის იდეებს. ჩვენ ერთად ვართ ოჯახშიც, ბიზნესშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.


– არ ოცნებობთ ისეთ ქმარზე, რომელიც წაგიყვანთ მთელ ოჯახს დასასვენებლად კურორტზე, საღამოს თქვენ გვერდით გაატარებს?..


– დათო ჩემი საოცნებო ქმარია. ამ პირობებშიც ახერხებს, რომ ჩემ გვერდით იყოს. ხშირად ბავშვებსაც ვეპარებით. ჩემთვის დათო იდეალური ქმარია, უბრალოდ ვოცნებობ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, იმის გაკეთება არ უწევდეს, რასაც ახლა აკეთებს.

წყარო: სარკე