ყველა პაციენტი მესიზმრება – ლევან რატიანის გზა, სასწრაფოს ექიმობიდან კლინიკის დირექტორობამდე

  • 1 აპრილი 00:05

ბოლო დღეებში, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და ინფიცირებული პაციენტების შესახებ ახალი ინფორმაციის მოლოდინში მაყურებელი ეკრანზე დიდი მოლოდინით ელოდება ინფექციონისტების და კლინიკის დირექტორების გამოჩენას.

მათ შორისაა ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი.


დღეს, 31 მარტს, ლევან რატიანის ემოციურმა და პოზიტიურმა ინფორმაციებმა საზოგადოება ძალიან გაახარა.


როგორც მან თქვა, ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ფეხმძიმე ქალი კარგადაა. ელოდებიან, რომ უახლოეს დღეებში 30-მდე პაციენტს ბინაზე გაწერენ.


ლევან რატიანი სპეციალობით ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგია, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი. 1982 წლის 2 ნოემბერს არის დაბადებული ქალაქ ფოთში.


ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა და წარჩინებით დაამთავრა.


იქვე გააგრძელა სწავლა და თერაპიის მიმართულების დოქტორი გახდა. 2005-2007 წლებში საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში, რადიობიოლოგიისა და რადიობიოლოგიური ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უფროსი ლაბორანტი იყო.


2010 წელს ცოდნის ასამაღლებლად გაემგზავრა აშშ-ში, მაიამის უნივერსიტეტის ჯექსონის სახელობის კლინიკაში შინაგან მედიცინასა და კარდიოლოგიაში.


სხვადასხვა დროს მუშაობდა ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად, შემდეგ ექიმ-რეანიმატოლოგად, შემდეგ კი ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად სხვადასხვა კლინიკაში, კითხულობდა ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში.


2018 წლიდან დღემდე – თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორია. არის სხვადასხვა პროექტისა და ორგანიზაციის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.


ხშირად აღნიშნავს, რომ ნებისმიერ პაციენტის მდგომარეობას განიცდის და განსაკუთრებით მტკივნეულია მისთვის პაციენტის გარდაცვალება.


„იმ დროს, როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, მეც მიჩერდება გული…“ ამბობს პროგრამა “პულსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.