ვინ არის ქართველი გოგონა, რომლითაც იტალიური მედია დაინტერესდა

  • 31 მარტი 22:40

სოციალურ ქსელში ბოლო დროს არაერთი ემიგრანტის ისტორია ვრცელდება.

ამბები მრავალფეროვანია, ზოგი სულის შემძვრელი და ზოგიც გულს, რომ გაგითბობს ისეთი.


ვიღაც დახმარებას ითხოვს, ვიღაც პირიქით, სხვა ეხმარება და ასე უცხო მიწაზე გადახვეწილი ქართველების ამბები ზოგჯერ გვახარებს და ხანაც გულს გვიკლავს.


ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, იტალიაში მცხოვრები ქართველის გოგონას საგმირო საქმეს ეხება.


ორი შვილის დედა, რომელიც ამჟამად პანდემიის ეპიცენტრში, იტალიაში ცხოვრობს, გადაწყვიტა სახლში პირბადეები შეეკერა და იტალიელებისთვის უფასოდ დაერიგებინა.


ხატია ასიტაშვილით უკვე დაინტერესდა იტალიური მედია. მისი ფოტოებით მალე აჭრელდება ადგილობრივი ბეჭდური მედია. მანამდე კი მას მისსავე ქვეყანაში სწორედ „პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ.


"ორ წელზე მეტია ვიმყოფები ემიგრაციაში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად სამხრეთ ტიროლში ვცხოვრობთ. მეორე შვილი იტალიაში დაიბადა.


პროფესიით მანიკიურის სპეციალისტი ვარ მაგრამ, ჯერჯერობით არ ვმუშაობ.


ვსწავლობ იტალიურს, გერმანულს და პარალელურად მართვის მოწმობას.


დანარჩენ დროს ბავშვებს ვუთმობ. კორონავირუსის გავრცელებამ, ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.


პირველი, გადავედი დისტანციურ სწავლებაზე, ვეღარ გავდივართ გარეთ განსაკუთრებული შემთხვევის გარდა.  დაახლოებით ერთი თვეა რაც კარანტინის პირობებში გვიწევს ცხოვრება.


ყველაზე მეტად რამაც შემაწუხა ეს იყო პირბადეების დეფიციტი, ძალიან ბევრ აფთიაქში ვიკითხე, მაგრამ სამწუხაროდ არსად იყო. ეს პრობლემა ჩემს გარდა ბევრ ადამიანს შეეხო.


იქიდან გამომდინარე რომ ვკერავ მოყვარულის დონეზე, მოვიძიე ვიდეოები როგორ შეიძლებოდა შემეკერა პირბადე სახლის პირობებში.


პირველი პირბადის შეკერვის შემდეგ გადავწყვიტე მეც შეძლებისდაგვარად ჩემი წვლილი შემეტანა და დავხმარებოდი ყველას ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.


როგორც კი პირბადეების გარკვეულ რაოდენობას შევკერავ, ჩემთან მოდის ერთი იტალიელი რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციას წარმოადგენს და ის უწევს მისი დარიგების ორგანიზებას.


დაახლოებით ხუთი დღეა რაც დავიწყე შეკერვა და უკვე 100-ზე მეტი პირბადე შევკერე.


სტიმულის მომცემი კიდევ ის იყო, რომ ჩემი იტალიელი თუ არაიტალიელი მეგობრები ყველანი შოკირებულები იყვნენ ჩემი საქციელით.


პირველად, რომ ნახეს, ერთმა მითხრა, რამდენად გაყიდიო.


როცა ვუთხარი რომ მე ამ საქმიდან არ ვაპირებდი ბიზნესის დაწყებას, პირბადეებს საჩუქრებად ვამზადებდი, თავიდან გაუკვირდათ.


გუშინ ერთი-ერთი იტალიური ჟურნალისთვის გადამიღეს ფოტოები და ჩემზე ამზადებენ სტატიას. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.


ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვაკეთო ისეთი საქმე, რომლითაც სხვა ადამიანებს დავეხმარები.


საბედნიეროდ ნაჭრები მაქვს ბევრი, ამაში გამიმართლა. პირბადეები თავდაპირველად ჩემს კომუნეში, ორი პატარა ქალაქი შედის და აქაურ მოსახლეობას დავურიგე. ახლა ვგეგმავ მოხუცებულთა თავშესაფრისთვის შევკერო.


ასევე მივაწვდი სხვადასხვა ორგანიზაციებს ვინც კონკრეტულად სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებს გადასცემს პირბადეებს. “ – ამბობს ხატია ასიტაშვილი.


წყარო