"ცუდი გრძნობაა, როცა სიცხე გაქვს და თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ კორონავირუსი შეგეყარა" - რას წერს ჟურნალისტი

  • 31 მარტი 22:07

დათო ნიკურაძე გარკვეული პერიოდის წინ აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა. მას შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა. ჟურნალისტი თავის გზას აღწერს, რომელიც კორონავირუსის ტესტამდე გაიარა.

 


“თვისტომნო, ახლა მოგიყვებით, როგორ იყო ჩემი კორონატესტის ამბავი.
ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, თვითიზოლაციაში ყოფნის დროს, დამეწყო ტემპერატურის მატება, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ამას დაემატა კიდევ პატარა რაღაც ნიშნები და ცხადია, ეჭვი შევიტანე კორონავირუსზე. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა მოგზაურობის ისტორია, (ამერიკიდან წამოსვლამდე, ბოლო 3 კვირა, სახლი თითქმის არ დამიტოვებია) მქონდა მგზავრობის ისტორია, ვაშინგტონიდან თბილისამდე, სტამბოლის გავლით. ანტიბაქტრიული ხელსახოცებით კი დავწმინდე ყველა ის ადგილი, სადაც შეხება მქონდა თვითმფრინავში თუ აეროპორტში, თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სულ ტყუილად მიწვალია, რადგან ჩემი ანტიბაქტერიული ხელსახოცები შეიცავდა ბენზალკონიუმ ქლორიდს, რაც კორონავირუსის შემთხვევაში არაეფექტურია. აუცილებელია, რომ ის შეიცავდეს სულ მცირე 60% სპირტს.


მოკლედ, დამეწყო სიცხე. ასეთ შემთხვევაში უნდა დარეკოთ ოჯახის ექიმთან. მე 112-მა დამაკავშირა ოჯახის ექიმს, რომელმაც მოისმინა ჩემი ჩივილები, შემოჰკრა განგაშის ზარებს და დაუყოვნებლივ მოითხოვა, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლევებზე ჩემი გადაყვანა. მუდარამ, 2 დღე დამეცადა, არ გაჭრა. ამიხსნა, რომ კორონავირუსის დროს შესაძლოა უცბად დამძიმდე, დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა და რაც უფრო ადრე მიხედავ თავს, უკეთესია. ძალიან ყურადღებიანი ექიმი იყო და მადლობელი ვარ მისი.


სასწრაფო დახმარებამ დამირეკა და მომცა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტრანსპორტირება. ჩავაწყვე პატარა ჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი, პირადი ნივთები და დაველოდე სასწრაფო დახმარებას. ცუდი გრძნობაა, როდესაც სიცხე გაქვს, თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ კოვიდ-19 შეგეყარა და სასწრაფო დახმარების მანქანით უნდა წაგიყვანონ საავადმყოფოში.
პირველივე ცუდი განწყობა მომიხსნა სასწრაფო დახმარების ექიმმა, გვანცა მაისურაძემ. ბიოუსაფრთხოების დამცავ კომბინიზონში მაინც ჩანდა მისი მომღიმარი სახე და კეთილგანწყობა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მას და მის კოლეგებს, რომლებმაც ინფექციურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. არც სირენები ჩაურთავთ და არც წივილ-კივილი ყოფილა. გზაში მელაპარაკებოდა და მამხნევებდა.


მიმღებ განყოფილებაში, სადაც საბუთებს ავსებენ, ნიღაბშიც მიცნეს და იქაც ცალკე მამხნევებდნენ. სამწუხაროდ, მათი სახელები არ ვიცი, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა, რომელიც სკაფანდრებში ჩაცმული ადამიანების დანახვისას გინდა თუ არა, მაინც ჩნდება.
ექთანმა გადამიყვანა სპეციალურ შენობაში, სადაც განთავსებულია საკარანტინო ოთახები. ეს არის ერთგვარი გამანაწილებელი. შედიხარ შენს ოთახში, შემოდიან და იქ გიტარებენ ტესტებს. თუ დადასტურდა, სახლში ვეღარ დაბრუნდები და ექვემდებარები ჰოსპიტალიზაციას.


ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც ყელიდან და ცხვირიდან ნაცხი ამიღო, ამ ისტორიაში, ალბათ ყველაზე მეტად შეშინებული იყო. იმდენი ხხხხხხხ და ღღღღღღ ვიძახე ცხვირში და ყელში ჩხირების ჩადებისას, რომ ალბათ მსგავსი პაციენტი დღემდე არ უნახავს. ჩემი მადლობა და ასევე ბოდიში ხრიალ-ღმუილის გამო