როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ბავშვებში და როგორია მკურნალობის ტაქტიკა

  • 30 მარტი 21:05

"კორონავირუს ბავშვებს არ ემართებათ“ - ეს იფრაზა კორონავირუსის გავრცელების ფონზე მალევე აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა დღევანდელი რეალობა საწინააღმდეგოა - საქართველოში 100 ინფიცირებულიდან 5 მცირეწლოვანია. მაგთან ამ ეტაპზე ორია გამოჯანმრთელებული. ევროპის ქვეყნებში კი, სამწუხაროდ, კორონავირუსით არასრულწლოვანის გარდაცვალების შემთხვევებიც დაფიქსირდა.

რა განაპირობებს იმას, რომ მოზარდებში კორონავირუსის მიმდინარეობა ნაკლები აგრესიულობით არის გამოხატული და ინფექცია მათ გაცილებით იოლად გადააქვთ?
რამდენად რთული სამართავია კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა ბავშვებში?
არის თუ არა მცირეწლოვან ბავშვებში მკურნალობის განსხვავებული ტაქტიკა?


ამის გასარკვევად pia.ge ინფექციონისტ რუსუდან კობახიძეს ესაუბრა:


– საქართველოში ამ დროსითვის კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 5 მცირეწლოვანი იყო, ამჟამად ორი - უკვე გამოჯანმრთელებულია. როგორია დღეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად დამაიმედებელია დინამიკა?


– ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნამდვილად არ არის საგანგაშო, ყველა მათგანი ექვემდებარება მკურნალობას, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.


– მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის ტაქტიკა რამდენად განსხვავებულია სხვა პაციენტების მკურნალობისგან?


– მკურნალობის ტაქტიკას რაც შეეხება,  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომური. რაც შეეხება სპეციფიკური პრეპარატისგან, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებში თავს ვიკავებთ და მხოლოდ სიმპოტომური მკუნალობა ტარდება თითოეულ ბავშვზე.


– სეზონურ გრიპებს თუ შევადარებთ, რამდენად რთული სამართავია კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა ბავშვებში?


– ჩვენთან არცერთ დაინფიცირებულ ბავშვს არ აქვს თანმხლები დაავადება, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს. ხუთივე შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ კორონავირუსის ინფექცია. ამ ეტაპზე ვირუსის მართვა არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან ამ ეტაპზე მსუბუქი მიმდინარეობით გვაქვს. ერთდაერთი ის არის, რომ ეს დაავადება ხანგრძლივი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან დროში გაწელილია და სანამ ბოლომდე არ დასრულდება მკურნალობა, გართულებები მოსალოდნელია და ვართ რისკის ქვეშ.
თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სეზონურ გრიპთან შედარებით გაცილებით დიდხანს სჭირდება მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა და ის მკურნალობა, რაც ტარდება, შედარებით ხანგრძლივია და განსხვავებული მიდგომა ესაჭიროება.


– გარდა საყოველთაოდ ცნობილი რეკომენდაციებისა, რამე დამატებითი რჩევა ხომ არ არსებობს მშობლებისთვის, რათა მაქსიმალურად დაიცვან ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები კორონავირუსისგან?


– რაც არ უნდა მოსაბეზრებელი და ბანალური იყოს, პირველ რიგში, აუცილებელია დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ხშირად დავიბანოთ ხელები, დავიცვათ დისტანცია, რაც მცირეწლოვან ბავშვებში უფრო გართულებულია, რადგან მშობლებს უჭირთ ბავშვებზე მითითების მიცემა, რომ არ გავიდნენ გარეთ. თუმცა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისიწონოს ეს საყოველთაოდ ცნობილი რეკომენდაციები და დაიცვან ბავშვები, სხვა შემთხვევაში ჩვენ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
ფრაზა "ბავშვებს არ ემართებათ კორონავირუსი“, ვფიქრობ, ცოტა უტრირებულია. უბრალოდ, პროცენტულად ნაკლები შემთხვევ იყო ბავშვების ინფიცრების, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს არ ემართებათ კორონავირუსი, სამწუხაროდ, რთულია იმის განსზაღვრა, რა ასაკში დაემართება ადამიანს ვირუსი. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ამას დიდი მეცნიერული კვლევა სჭირდება.


ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


ასევე საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რაც მოქალქეებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.


წყარო