ვინ არის ქართველი ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირდა

  • 30 მარტი 20:43

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკია.

"გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას“.- განაცხადა გახარიამ.


„პრაიმტაიმი“ შეეცადა გაერკვია რომელი კლინიკის თანამშრომელზე საუბრობდა პრემიერი.


რამდენიმე დღის წინ კლინიკა „მედკაპიტალის“ თანამშრომელზე წერდნენ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ კლინიკას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა პრაიმტაიმი და კითხეს, მათ თანამშრომელს ხომ არ გულისხმობდა პრემიერი თავის გამოსვლაში. კლინიკაში კატეგორიულად უარყვეს ის ფაქტი, რომ გახარიამ მათი თანამშრომელი იგულისხმა და განმარტეს, რომ მათ ექიმს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.


"პრაიმტაიმს“ სანდო წყარომ უამბო, რომ მედიცინის სექტორის თანამშრომელი, რომელზეც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს.


აი რას ჰყვება ექიმის მეგობარი, რომელიც, დიდი ალბათობით, კორონავირუსით დაინფიცირდა.


„ბოჭორიშვილის კლინიკაში შეიყვანეს პაციენტი ცხელებით, რომელმაც დამალა რომ მარნეულიდან იყო და ამიტომ მაღალი რისკჯგუფში არ ჩათვალეს და თერაპიულ განყოფილებაში სხვა პაციენტთან ერთად დროებით დააწვინეს. ამ პაციენტს რამდენიმე საათში დაეწყო სპაზმური ხველა, ანალიზის აღების შემდეგ, დაუდგინდა კორონავირუსი. მან დააინფიცირა მეორე პაციენტი და ექიმი, რომელიც ეკიპირების გარეშე შედიოდა მათ პალატაში. ახლა ელოდებიან ექიმის და მისი ოჯახის პასუხს. “ – აცხადებს წყარო.


აღნიშნული ინფორმაცია ბოჭორიშვილის კლინიკაში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა ისიც თქვეს, რომ 3-ის პასუხს ხვალ ელოდებიან.


წყარო