"ძაღლი არ არის კორონავირუსის გამავრცელებელი, ჯობია თქვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი მშიერი იყოს, ვიდრე თავშესაფარში დარდისაგან მოკვდეს"

  • 30 მარტი 20:21

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, თავშესაფარში ძაღლების ჩაბარების მოთხოვნა იზრდება.

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ბევრი ოჯახი მოგვმართავს ძაღლის თავშესაფარში ჩაბარების თხოვნით. ზოგი მიზეზად ასახელებენ შიშს, რომ შეიძლება ძაღლმა კორონა ვირუსი შეიტანოს სახლში, ზოგი კი უმუშევარი დავრჩი და ვეღარ ვინახავო.
მინდა კიდევ ერთხელ დარწმუნებით გითხრათ, რომ ძაღლი არ არის კორონა ვირუსის გამავრცელებელი.


სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩენილებს კი ურჩევ, ჯობია თქვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი მშიერი იყოს, ვიდრე თავშესაფარში დარდისაგან მოკვდეს.


ვისაც არ გჯერათ, რომ პატრონისაგან მიტოვებული ძაღლი ტირის, დარდობს, ვარდება დეპრესიაში, წყალსაც კი არ სვავს და კვდება, შემოიხედეთ ჩვენ YouTube-ის არხზე”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.