"მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ექიმებს, რომლებსაც სახეზე, სამწუხაროდ, ვერ ვცნობ"

  • 30 მარტი 19:59

ჟურნალისტი ოთო გიორგაძე წერს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მან საკუთარი ნებით თვითიზოლაციას მიმართა, მე-11 დღეს სიცხე აღმოაჩნდა, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ გამოცდილების შესახებ ის ვრველ სტატუსს აქვეყნებს.

“21-დღიანი თვითიზოლაციის დასასრული. 8 მარტიდან დღევანდლამდე იყო იზოლაციაში გატარებული დაბადების დღე, ონლაინლექციები და ონლაინთათბირები, უჩვეულო სამუშაო რეჟიმი…..და მე-11 დღეს მომატებული ტემპერატურა, შესაბამისად ტესტის ჩატარება..


ვიდრე პასუხს მივიღებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ თუ შედეგი დადებითი იქნებოდა, ის ჩემს ორგანიზმს არ გასცდებოდა, რადგან საკუთარი ინიციატივით დაწყებული თვითიზოლაციით ყველა კონტაქტი შეზღუდული მქონდა, იზოლაციისა და კარანტინის ვალდებულება მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის მოგვიანებით გახდა სავალდებულო.


ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. იმ რამდენიმესაათიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც კლინიკაში გავატარე, იყო ერთი ძალიან უცნაური გარემოება, 112-ის ბრიგადიდან დაწყებული ყველა ექიმი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, შესაბამისი აღჭურვილობით იყო, მათგან მხოლოდ მზრუნველი ხმა ისმოდა, ეს კომუნიკაცია ინფექციური კლინიკის დატოვების შემდეგაც გაგრძელდა, თითოეულ მათგანს აინტერესებდა, გამოვლინდა თუ არა მომდევნო დღეებში ახალი სიმპტომები, რომელიც საბედნიეროდ აღარ გამოვლენილა. სწორედ ამიტომ ორკვირიან იზოლაციას, მესამე კვირაც დაემატა. რადგან, ამ მზრუნველი ადამიანების სახე უბრალოდ არ მინახავს შესაბამისი აღჭურვილობის გამო და ქუჩაშიც რომ შემხვდნენ, უცხოებად დარჩებიან, მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ სივრცეშიც. ყველას ეტყობოდა,რომ ვირუსის გამო შექმნილი რეალობა მათთვისაც ახალი გამოწვევაა, ასეთი მოტივირებული მედიკოსები კი ნამდვილად შესამჩნევი ფაქტი იყო. არ დაგვავიწყდეს,რომ სპეციალური აღჭურვილობის მიღმა, ჩვენი რიგითი მოქალაქეები, ოჯახის წევრები, ახლობლები, ისეთივე ემოციების მატარებელი ადამიანები არიან, როგორიც ყველანი ვართ და გამხნევება ყველას სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა მათ. ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დღეს უკვე თითოეული ადამიანის სწორ მიდგომაზე და რისკის შეფასებაზეა დამოკიდებული ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.
ვრჩებით სახლში, ვზრუნავთ ერთმანეთზე და კვლავ #პროფესიონალიზმიყველაზედიდიპატრიოტიზმია P.S.S. უფრო ვრცლად, სხვა დროს” - წერს ოთო გიორგაძე.