"ირაკლი, დავტოვე წარსულში - პანიკური შეტევების შემდეგ, რომელიც მის გამო მქონდა ცხოვრება დავარესტარტე"

  • თბილისელები
  • 7 ოქტომბერი 12:40

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალ "თბილისელებთან" იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებთანაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ურთიერთობა შეწყვიტა. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– რა დარჩა უკან, წარსულში "რუსთავი 2-თან" ერთად?


– უკან დარჩა ბევრი ძვირფასი რამ, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები, რომელიც იქ გავატარე და რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. "ნანუკას შოუმ" სატელევიზიო სივრცეში შექმნა ბრენდი და ისტორია. რაც შეეხება ადამიანებს, ვერ ვიტყვი, რომ ვინმეზე იმედგაცრუებული ვარ. აბსოლუტურად არ გამკვირვებია მათი, ვინც დარჩა იქ ან მივიდა. მათ შორის არც ჩემი მეგობარი, რომელთანაც თითქმის ათი წელია, აღარ მაქვს მეგობრული ურთიერთობა (გულისხმობს ნინო შუბლაძეს – ავტორი). ჩვენ პოსტების დალაიქების დონეზეც კი აღარ ვკონტაქტობდით. ეს იყო მხოლოდ ნაცნობობა, რაც მოჰყვა იმ წყალგამყოფებს, რაც ჩვენ შორის გაჩნდა. ჩვენს ურთიერთობებში მთავარი წყალგამყოფები 2009 წლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც მე "იმედზე" გადავედი.


– მაშინ ნინო შუბლაძე "რუსთავი 2-ში" დარჩა, რამ გაყარა თქვენი გზები?


– ერთ წყალგამყოფ ისტორიას როგორმე გადალახავ, მაგრამ როცა ამას ემატება მეორე, მესამე... იქ ურთიერთობა სრულდება. მე არ გამკვირვებია მისი მისვლა "რუსთავი 2-ში". როდესაც ხედავ ადამიანების ტრანსფორმაციას, რომლებიც "დიდების" დროს "დიდებულ" ადამიანებთან არიან და მერე გასაქრობად დღე ან დღე-ნახევარი კი არა, სულ ერთი საათი სჭირდებათ, კიდევ რამ უნდა გაგაკვირვოს?! როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან, მოვლენებთან არ აქვთ ღირებულებითი კავშირები, იქ დასაკარგიც არაფერია. მე 2012 წელს ვნახე ადამიანების ტრანსფორმაცია – ისინი ჩემ თვალწინ "გაქოცდნენ" და გაქრნენ. შესაბამისად, ეს გზა გავლილი მაქვს. ასეთი რთული პერიოდი ბევრჯერ მქონია. წარმოიდგინე, 2012 წელი, მე ვმუშაობ "იმედში", ვიგებ, რომ ეს ტელეკომპანია პატარკაციშვილებს დაუბრუნდათ და მე ვარ ჯერ კიდევ ერეკლე კოდუას ცოლი. წამოვედი "იმედიდან", "რუსთავი 2"-ში მითხრეს, თანამშრომლების შემცირებაა და ვერ მიგიღებთ, იმიტომ რომ ფული არ გვაქვსო. მე უნდა დამემტკიცებინა ბიზნესისთვის, რომ მე მათთვის მომგებიანი ვიქნებოდი და ჩემში ფული ჩაედოთ. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ გვენდო ფრანგული ბანკი – "სოსიეტე ჟენერალი" და მთელი ცხოვრება ვიქნები რამდენიმე ადამიანის მადლიერი, მათ შორის შოთიკო მაჭავარიანის, რომელმაც "გაქრობას" გადამარჩინა, შანსი მომცა იმ პერიოდში, როცა ურთულესი პოლიტიკური სიტუაცია იყო და ამ სიტუაციაში ერეკლე კოდუა "ტვირთად" იყო ქცეული. მე ჩემი პირადი განცდები მაქვს. თუ წარსულს კარი არ დაუკეტე, წინ კარი არ იხსნება – ეს არის გადარჩენის ინსტინქტი და ასეა ნებისმიერ შემთხვევაში, მეგობართან, მამაკაცთან, სამსახურთან. "რუსთავი 2-ში" კარი რომ არ გამოკეტილიყო, "მთავარი" არ გაიხსნებოდა.


– ბევრი ადამიანი დარჩა დაკეტილ კარს მიღმა?


– ჩემს ცხოვრებაში არის ორი მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც სამუდამოდ უკან დარჩა და ჩემთვის დასრულდნენ. ერთ-ერთი არის ის, ვინც დღეს "რუსთავი 2–ში" წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს და მეორე – ირაკლი, ადამიანი, რომელიც დავტოვე წარსულში და კარი გამოვუკეტე. ჩვენ დღეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ორი წელია, აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ის უკავშირდება თავის შვილს, ჩემ გარეშე, ეს მე არ მეხება. ბოლო წლებში ჩემი ცხოვრება დავარესტარტე. ეს მოხდა პანიკური შეტევების შემდეგ და მოჰყვა იმ განცდებს, რაც ირაკლის გამო მქონდა. გადავარესტარტე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, წესი... ასე მომიწია, უნდა მეზრუნა ამაზე. ალბათ, გავიზარდე კიდეც, დავამარცხე ერთი მთავარი თვისება – მალე აღარ ვბრაზდები, ახლა ვუყურებ ცხოვრებას და ვტკბები. ვტკბები ჩემი შვილით, მარიამით, ვხედავ, მასშია ყველაფერი, რაც მე ვერ გავეკეთე და რაც ვერ მოვასწარი. ის, რაც არ მქონდა და მინდოდა, მქონოდა. მარიამშია თავმოყრილი გაწონასწორებული ხასიათი, სიმშვიდე, სიდინჯე, კარგი განათლება, რომელიც მან მიიღო ამერიკაში – ნიუ-იორკსა და ბოსტონში და ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება.

წყარო: თბილისელები