რას ჰყვება ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი, რომელსაც კორონავირუსი აქვს?

  • 28 მარტი 15:28

"რადიო თავისუფლებამ“ კორონავირუსით ინფიცირებულ ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ყვება როგორ დაავადდა Covid 19-ით და როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა.

„მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე. აქ სპეციალური სამსახურია, რომელიც ჩამეკითხა, რა კონტაქტები მქონდა... და რომ დავუფიქრდი, რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ზოგიერთი ვერც გავიხსენე. მართალი რომ გითხრათ, გულწრფელად, მე თვითონ გადავწყვიტე, გამესაჯაროებინა. მივხვდი, რომ ასე უფრო დავიცავდი ჩემს ახლობლებს, მათ, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა თბილისში და არამარტო თბილისში. ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, რომლის ცოდნაც არ მაკლდა, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება - ასე გიპასუხებდით“, - ამბობს ქაშაკაშვილი.


მისი თქმით, მას და მის მეუღლეს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ და ამ ეტაპზე სიმპტომები აღარ აღენიშნებათ, ექიმები კი ძალიან თავდაჯერებულად მოქმედებენ და ზედმიწევნით არიან დაცულები.


„მე თაყვანს ვცემ მათ. ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ახალგაზრდებიც არიან, რეზიდენტურა, პროფესიონალებიც, პროფესურაც მოდის და დარწმუნებული ვარ, ზედმიწევნით იცავენ რეკომენდაციებს. დღის და ღამის ყველა მომენტში ყველა პაციენტთან“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.


ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ მედიის მხრიდან „ვინოტელში“ მომხდარი შემთხვევის ინტერპრეტირება მისთვის საწყენი აღმოჩნდა.


„გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა. ეპიდემიოლოგიის კუთხით ქვეყანას არასდროს გაუვლია ასეთი მძიმე გამოცდა, ხო? და საზოგადოებამ, ალბათ, ხელი უნდა შევუწყოთ გაგებით და არა ხელის შეშლით, შეგნებული თუ შეუგნებელი, რომლის შემთხვევების შესახებაც სამწუხაროდ გავიგე“, - აცხადებ ქაშაკაშვილი.


წყარო